აქციის დაშლა

"ოპოზიცია ვერასდროს დაადებს ბოქლომს ინსტიტუტებს" - თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე

0 კომენტარი

აქციის დაშლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაატარა.

მას ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა გუშინ პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს.

"ისინი ცდილობდნენ, ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე. მე მინდა, დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ [ოპოზიციის] მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დაშლისას 18 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზუკა ბერძენიშვილი და გიგა შაქარაშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, გირჩის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი, ასევე, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ბიძინა ივანიშვილის დაპირებაა, რომელიც მან 20-21 ივნისის ღამით აქციის დარვების და მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ გასცა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები