აქციის დაშლა

პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას შსს-მ 37 პირი დააკავა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი, რომელთაც დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლებიც დღეს პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით

კომენტარები