აქციის დაშლა

დაკავებულების ადვოკატები: მოსამართლე მტკიცებულებებისთვის დროს არ გვაძლევს

ტაბულა

აქციაზე დაკავებულ პირთა ადვოკატებს მოსამართლემ 2 საათი მისცა და არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა სხდომის მინიმუმ ერთი დღით გადადებასთან დაკავშირებით. 

დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ჟამიტაშვილი ამბობს, რომ ეს არის შსს-სთვის მიცემული დრო, ორი საათი, რათა მათ შეძლონ მტკიცებულებების წარმოდგენა. 

"ეს დრო მისცეს შსს-ს, მათ გადაუდეს დრო, ჩვენ უარი გვითხრა მოსამართლემ, აქვე ოთახში გაეცანით საქმის დეტალებსო. წინასწარ ვიცით უკვე მათი დამოკიდებულება, უნდათ, რომ დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯონ, ეს იქნება 5,10 ან 15 დღე" - განაცხადა ადვოკატმა ჟამიტაშვილმა.

18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათამდე გადაიდო. სხდომის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა გიგა ონიანმა დააყენა. 

მისი თქმით, მათ ვერ მოასწრეს 37-ვე დაკავებული პირის დაკითხვა, შესაბამისად სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს. 

"მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაკითხია მოწმეები, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად"- აღნიშნა ონიანმა. 

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ირაკლი კაჭარავამ პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 დემონსტრანტი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით

კომენტარები