პროპორციული არჩევნები

გიგა მაქარაშვილმა სასამართლო სხდომაზე საქართველოს ჰიმნი იმღერა

სირცხვილიას აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს, სასამართლო სხდომაზე საქართველოს ჰიმნი იმღერა.

"სულ ვფიქრობდი, რომ სასამართლო იქნებოდა ის ადგილი, სადაც ყველაზე ღირსეულად მოვიქცეოდი. არ ვიცი, სიტყვებით რა ვთქვა, ამიტომ უბრალოდ ვიმღერებ ჰიმნს" - თქვა მაქარაშვილმა, რომელსაც დარბაზში მყოფებიც აყვნენ.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები