გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

რურუას, რომელიც მთავარი არხის წილის მფლობელია, პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებას ედავება. ის 18 ივნისს, აქციის დაშლამდე დააკავეს. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.

რურუას ადგოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა, არ აქვს იმედი, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვინაიდან ყველა ინსტანციის სასამართლო მიკერძოებულია. 

"მოსაამრთლეს არც ადგილზე თათბირით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მის ოთახშიც არ მიღებულა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მას გაანდეს სასამართლო დარბაზში შემოსვლამდე. ეს არ ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი. სიმართლე რომ გითხრათ, მე წინასწარ მქონდა განცდა, რომ მოსამართლე თუნდაც ასე აშკარად ჩადებული იარაღის საქმეზე პატიმრობას გამოიყენებდა გიორგი რურუას მიმართ. მქონდა ამის განცდა, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ დღეს პროცესის განმავლობაში, როცა ვუსმენდი მეორე მხარეს და ვუყურებდი მოსამართლეს, მაინც მიჩნდებოდა იმედი იმისა, რომ შეიძლება ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინოს მოსამართლეზე და თუნდაც პროკურორი რომ სასაცილო მდგომარეობაში იყო და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ამას მაინც შეეცვალა მოსამართლის პოზიცია, გამოეჩინა პრინციპულობა.

მაგრამ არა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რასაც ჩვენ ველოდით, კიდევ ერთხელ დადასტურად ის, რომ მიუკერძოებელი სასამართლო ამ ქვეყანაში არ გვაქვს და მოსამართლეები სჩადიან არანაკლებ დანაშაულს, ვიდრე ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ უდებენ იარაღს და ის პროკურორები, რომლებიც ამას დოკუმენტურად "აპრავებენ". საბოლოო ჯამში, ეს არის გარყვნილი სისტემა, სადაც პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო არის დანაშაულის ჩამდენი და პოლიტიკური ნების აღმსრულებელი და მეტი არაფერი" - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლო პროცესზე რურუამ მოყვა, რომ ის 12:00-დან 13:00 საათამდე შუალედში დააკავეს, თუმცა 18:00 საათამდე ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. რურუასვე თქმით, მას ნების საწინააღმდეგოდ ჩაუტარეს ჩხრეკა და აუღეს დნმ-ის ანალიზი.

"როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს. სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო,"- თქვა რურუამ სასამართლოში.

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა ფინანსურ დახმარებას უწევდა საპროტესტო აქციებს.

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ დემონსტრაციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ.

კომენტარები