18 ნოემბრის აქციის დაშლა

10 პატიმრობა, 1 ჯარიმა, 1 - შენიშვნა - 37-დან 12 პირის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 12 მათგანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება - 10 დემონსტანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 1 დემონსტრანტს - ჯარიმა, ერთს კი - სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ 12 პირს დაეკისრა:

  • გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა - 12 დღე.
  • ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა - 4 დღე;
  • პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.
  • დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა - 3 დღე.
  • ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა - 13 დღე.
  • დავით მჟავანაძე - პატიმრობა - 4 დღე.
  • ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა - 5 დღე.
  • გიორგი ბუნტური - პატიმრობა - 5 დღე.
  • ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა - 7 დღე.
  • ბექა ბასილაია - პატიმრობა - 13 დღე.
  • გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი.
  • ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა - 12 დღე.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი კიდევ 8 ადამიანის საქმეს განიხილავს ჯგუფურად, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. როდის გაიმართება პროცესები, ჯერჯერობით უცნობია.

19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმის განხილვას გეგმავდა.

დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები