არჩევნები 2020

"შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტებს" - გია ვოლსკიმ საგანგებო ბრიფინგი ენმ-ზე სასაუბროდ გამართა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა გია ვოლსკიმ ცოტა ხნის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს "ისტორიული ფაქტები" შეახსენა. მისი თქმით, წინა ხელისუფლება ყოველთვის ებრძოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეას.

"მინდა ერთი კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ - "პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების დაწყების ფარგლებში". ეს სიტყვები არ ეკუთვნის ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას, ეს 2010 წლის 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. საზოგადოებას კარგად ახსოვს ნაცმოძრაობის რეალური დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

თავი ვალდებულად მივიჩნევთ, შევახსენოთ ისტორიული ფაქტები იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხანა არ ახსოვთ და შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციული სისტემის მიმართ.

ხაზს ვუსვამთ, 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებით განისაზღვრა, რომ ქვეყანას 235 დეპუტატის ნაცვლად 150 დეპუტატი უნდა აერჩია პარლამენტში. კონსტიტუციაში 2005 წლის 23 თებერვალს, ენმ-ის მმართველობის პერიოდში რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 პროპორციულია, 50 კი - მაჟორიტარული წესით უნდა იქნეს არჩეული.

2008 წლის 12 მარტს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნაცმოძრაობამ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა 25%-ით შეამცირა მაჟორიტარების სასარგებლოდ. ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ენმ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ებრძოდა ამ იდეას.

მანიპულაციები ამით არ დასრულებულა 2011 წლის 27 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ მემორანდუმი გააფორმა თავის სატელიტ პარტიებთან - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ედპ, პარტია "ჩვენ თვითონ", რომელთა შემადგენლობის დიდი ნაწილი დღეს ნაციონალური მოძრაობის მოწყობილი აქციების ავანგარდში დგას

ამ მემორანდუმის მიხედვით, დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაზრდილიყო 40 მაჟორიტარი დეპუტატის დამატების ხარჯზე.

გავიხსენოთ ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე ანტიდემოკრატიული რეჟიმი სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში, მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა

ამის მიუხედავად, კონსენსუსის მიღწევისთვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, ქართულმა ოცნებამ საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში 

24 ივნისს შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდეგ პერიოდში ერთ დღესაც არ ჩაუვლია ოცნების მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვა პერფომანსების, აქციების და ესოდენ პოპულარული ფეიკ ნიუსის გარეშე.

ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის დღეს და რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ - შესაძლებელია კი ასეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის? რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარია.

დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა, ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ეს ცვლილება. ნაციონალურ მოძრაობას არც ერთი სისტემის პირობებში საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი კმარელების გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, ინსტიტუციის ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიაღწიონ მიზანს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე, შესაბამისად ნებისმიერ სამართალდარღვევას, ნებისმიერ უკანონო მოქმედებას მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - თქვა ვოლსკიმ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 და 19 ნოემბერს აქციები მაინც გაიმართა. ასევე, აქტივისტები აწყობენ სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულების პიკეტირებას. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავს 25 ნოემბერს. ისინი პარლამენტის პიკეტირებას ისევ აპირებენ, რათა სამშაბათს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცენ.

კომენტარები