Wagner Group

სირიაში კაცის წამების ვიდეოში ასახული პირები "ვაგნერის" დაქირავებული რუსი სამხედროები არიან

novayagazeta

2017 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე პირები სირიაში დაკავებულ კაცს აწამებენ, უროთი სცემეთ, ხელებს და თავს აჭრიან, შემდეგ კი სხეულს წვავენ. მაშინ ვიდეოში ასახული პირების ამოცნობა ვერ მოხერხდა, თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ვიდეოს უფრო ვრცელი ვერსია, რომელშიც რუსულმ მედიამ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" მებრძოლები ამოიცნო.

Novaya Gazeta-მ დაასახელა ერთ-ერთი პირის ვინაობა. სტანისლავ დ. სტავროპოლის რეგიონში პოლიციელი იყო, 2016 წელს კი "ვაგნერს" შეუერთდა და სირიაში გაემგზავრა. იგივე პირი ამოიცნო დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მაც.

გაზეთში ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავების დაინტერესების შემთხვევაში სხვა პირების ამოცნობაც მოხერხდება. კრემლში განაცხადეს, რომ მათ და რუს სამხედროებს მომხდართან კავშირი არ აქვთ.

მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალაა დირ ეზ-ზორიდან, რომელიც ჰომსში "ვაგნერის" მებრძოლებმა სირიის არმიიდან დეზერტირობის გამო აწამეს.

თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში რუს სამხედროებს სახეები დაფარული აქვთ, თუმცა ახალ ვიდეოში მათი სახეები ჩანს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს "სახეები დაიფარეთ, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არსად გავრცელდება." ვიდეოებში ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან.

ვიდეოში ასევე ჩანს კიდევ ერთი მოკვეთილი თავი. მსხვერპლის ვინაობა უცნობია.

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებაა კრემლთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც სირიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს. ჯგუფის ლიდერი, დმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობის გამო დაიმსახურა. პრიგოჟინი “ვაგნერის” მთავარ დამფუძნებლადაც მიიჩნევა თუმცა, თავად კომპანიასთან კავშირს უარყოფს.

2016 წელს კრემლში გამართულ მიღებაზე უტკინი Fontanka-ს ჟურნალისტმა, დენის კოროტკოვმა სხვა სტუმრებს შორის ამოიცნო. კრემლის სპიკერმა, დმინტი პესკოვმა დაადასტურა, რომ უტკინი ნამდვილად იმყოფებოდა მიღებაზე და მამაცობისათვის ჯილდოც მიიღო.

სირიაში "ვაგნერი" ასადის რეჟიმის ძალებს ეხმარება.

"ვაგნერის" და სხვა რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებების სირიაში საქმიანობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები