21 ნოემბერს ათასობით უკრაინელმა კიევში, ლვოვში, ოდესაში, დნიპროში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ევრომაიდანის პროდემოკრატიული პროტესტის დაწყების 6 წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს. ღირსების რევოლუციის შედეგად ქვეყნის მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გააძევეს.
კიევში ცენტრში ათასობით მოქალაქემ დაღუპულთა პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
მაიდანის წარმატების მიუხედავად, მათ იმედგაცრუება გამოთქვეს, რომ პროტესტის შემდეგ ქვეყანაში კორუფცია კიდევ არ იყო დამარცხებული.
დნიპროს რეგიონალური მთავრობის შენობასთან მოქალაქეები უკრაინის დროშებით მივიდნენ და საკნდირებდნენ - "არა კაპიტულაციას!" მათ ამ ქმედებით ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა გააპროტესტეს.
"6 წლის წინ დღეს, მამაცი უკრაინელები, რომლებსაც უკეთესი, ევროპული მომავლის მიღწევა სურდათ მაიდანზე შეიკრიბნენ და ცვლილებები მოითხოვეს. აშშ უკრაინელებს, რომლებიც ევრომაიდანის მისწრაფებების სრულიად განხორციელებისთვის ყოველდღე მუშაობენ, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს," - უკრაინაში აშშ-ის ელჩი უილიამ ტეილორი.
მოქალაქეთა ნაწილმა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და კიევში ჩინეთის საელჩოსთან ჰონგ-კონგის არაოფიციალური ჰიმნი გააჟღერეს.
გაეროს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში კიევში მაიდანის მოედანზე 98 ადამიანი მოკლეს - აქიდან 84 მომიტინგე და 13 სამართალდამცავი.
ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია (ღირსების რევოლუციის გალერეა იხილეთ ქვევით):
2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
იმავე საღამოს მაიდანზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.
აკრძალვის მიუხედავად მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.
პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.
23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხეს ევრომადინის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.
24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და შესაბამისად არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.
28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედანის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.
პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500,000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.