თავისუფლების ინსტიტუტი

პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარავში თავისუფლების ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს, 23 ნომებერს, პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარავში თავისუფლების ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათთან გამკლავების გზებსა და ორგანიზაციის ინიციატივებზე ისაუბრეს.

თავისუფლების ინსტიტუტის გუნდის განცხადების მიხედვით მათი გეგმა ქვეყნის მთავარ პრობლემებზე საუბარისა და გამოსავლის შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას და მეორეს მხრივ, საერთო კონსენსუსით მიღებული ინციატევების ირგვლივ პარტიებთან თანამშრომლობას მოიცავს.

ორგანიზაციის მთავარი მიმართულებები ექნება – ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და მართლმსაჯულება.

"საქართველოს შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის, უკიდურესი პოლარიზაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებას საერთო იდეების გარშემო. თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობს ინიციატივებზე, რომლებიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება მანიფესტად და გაეგზავნებათ პოლიტიკურ პარტიებს." - მანიფესტის ჩარჩო პრეზენტაციაზე წარადგინეს.

სამუშაო მიმართულებებს წარმოადგენს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის და დემოკრატიულობის გაზრდა, სამინისტროების შერწყმა და შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება, პროკურატურის რეფორმა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და საგადასახადო რეფორმა, განათლებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმები, კოლაბორაციონიზმთან ბრძოლა, ლუსტრაცია და რესტიტუცია და აქტიური მოქალაქეობის წახალისება.

ორგანიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანია, გამგეობის წევრები კი ბექა მინდიაშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, გიორგი მელაძე, ვახტანგ ლეჟავა, თამარ ჩერგოლეიშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ლევან რამიშვილი, ნატალია ანთელავა, ნინო გოგიბერიძე და ქეთევან მსხილაძე არიან.

"ქვეყანა არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე და თავისუფლების ინსტიტუტი თვლის, რომ საჭიროა აუცილებლად მოვიფიქროთ ეფექტური გამოსავალი. თავისუფლების ინსტიტუტს აქვს თავისი წინადადებები და შეთავაზებები." თქვა სალომე ხვადაგიანმა.

"შემდეგი თაობა აგრძელებს იმ ფასეულობისთვის ბრძოლას, რისთვისაც შეიქმნა თავის დროზე თავისუფლების ინსტიტუტი. ეს არის ყველა ჩვენთაგანის სამოქალაქო თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება." თქვა პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"თავისუფლების ინსტიტუტი იყო 90-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ბრენდი, ასე ვთქვათ, და იმ დისკურსის განმსაზღვრელი, რომელმაც მოამწიფა ვარდების რევოლუცია. ის დღის წესრიგი, რომელსაც ვარდების რევოლუციის შედეგად ხორცი შეესხა, დიდწილად ჩამოყალიბდა სწორედ თავისუფლების ინსტიტუტში, რომელიც არ იყო ტიპური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს იყო ადგილი, სადაც იხარშებოდა იდეები და ტრიალებდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სურდა ქვეყნის შეცვლა უკეთესობისკენ. ამ ფილოსოფიის მატარებელი ადგილის საჭიროება დღეს აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ წასულია, ვიდრე 2003 წელს." თქვა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

თავისუფლების ინსტიტუტი კვლევისა და ადვოკატირების ორგანიზაციაა, რომელის მიზანია მიზანია ბუნებითი სამართლისა და თავისუფლების დაცვა და გავრცელება.

ის თავდაპირველად 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა. ის აქიურად მუშაობდა ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების, განათლების რეფორმის, დემოკრატიული ღირებულებების, ანტი-კორუფციული და სხვა მიმართულებებით ცნობიერების ამაღლებისათვის.

თავისუფლების ინსტიტუტმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად 2003 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი „კმარა ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ,“ რომელიც მიზნად ისახავდა იმ პერიოდის საქართველოს რეფორმირებას, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების დანერგვასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. მანიფესტის პუნქტები მოიცავდა სახელმწიფო მართვის საბჭოური სისტემის რეფორმას, სახელმწიფო თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონებისა და შემოსავლების ჩამორთმევის კანონის მიღებას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების გაძლიერებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას და ლიბერალური საგადასახადო კოდექსის მიღებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, თბილისისა და ფოთის მერების არჩევითობას, 2007 წლამდე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, შეიარაღებულ ძალებში გაწვევის სისტემის გაუქმებას და პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას,

ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებას, სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ადამიანის უფლებების დაცვის, შეჯიბრობითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებას,

საპენსიო და სახელფასო დავალიანებების 2006 წლამდე სრული დაფარვას, საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის მინიჭებას, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევითობას, განათლების დაფინანსების სტიპენდიური სისტემის შემოღებას, სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას, სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნას.

გარდა სხვადასხვა სახელმძღვანელოების, კვლევებისა და ჟურნალისტური გამოძიებებისა, ორგანიზაცია გამოსცემდა ჟურნალს “თავისუფლება”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები