აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაება

მაიკლ ბლუმბერგი
GETTY IMAGES

მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაება. ის დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და ნომინაციისათვის იბრძოლებს.

როგორც დაანონსებისას გამოაცხადა, კამპანია დონალდ ტრამპის დამარცხებისაკენ იქნება მიმართული. უკვე გავრცელდა პირველი პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც ბლუმბერგის მიღწევებზე და მის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, ჯანდაცვის სისტემაზე და მდიდრებისათვის გადასახადების გაზრდაზეა საუბარი.

"მე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს დონალდ ტრამპის დასამარცხებლად და ამერიკის ასაღორძინებლად ვიყრი. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ კიდევ 4 წელი ტრამპის უპასუხისმგებლო და არაეთიკურ ქცევას." თქვა მან.

ნიუ იორკის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატები ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებენ.

ამჟამად ნომინაციისათვის 17 დემოკრატი იბრძვის. ლიდერობენ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უორენის ან სანდერსის, რომლებიც მემარხენე პოლიტიკით გამოირჩევიან, ნომინაციის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

77 წლის მაკლ ბლუმბერგი წარსულში უოლ სტრიტის ბანკირი იყო და საგამომცემლო იმპერია შექმნა, რომელიც მის სახელს ატარებს. მილიარდერი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას და მილიონობით დოლარით აფინანსებდა განათლებას, მედიცინას და სხვა სფეროებს.

ის დემოკრატი იყო, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა და სწორედ ამის შემდეგ, 2001 წელს გახდა ნიუ იორკის მერი. მას ეს პოსტი 2012 წლამდე ეკავა. ბლუმბერგი დემოკრატიულ პარტიას გასულ წელს დაუბრუნდა.

ბლუმბერგის პოლიტიკური შეხედულებები დემოკრატიულ პარტიაში ზომიერად მიიჩნევა. ის კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს და აფინანსებს ჯგუფს, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მან საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა დააპირა, თუმცა წარსულში გადაიფიქრა, რადგან მიაჩნდა, რომ ნიუ იორკელ მილიონერს ხმას არ მისცემდნენ. 2016 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი ეს ეჭვი გაქარწყლდა.

კომენტარები