პარლამენტის პიკეტირება

ომბუდსმენი: აქტივისტებისთვის შეშის ჩამორთმევა შეკრების უფლების უკანონო შეზღუდვაა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ვინაიდან "არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას".

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე დაწერა:

"შეშისა და კასრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავწერ, რომ:

შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით.

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა, რომ კანონი არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენებას კრძალავს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქმედებები ქმნიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ნივთების ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება მოხდება.

შესაბამისად, შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთე, რომ შეშის და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით (წინარე პრაქტიკის ან მანიფესტანტების ქცევის გათვალისწინებით)

ვინაიდან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას", - განაცხადა ომბუდსმენმა.

პოლიცია ევროპული საქართველოს წევრებს და აქტივისტებს შეშას ართმევს. ამასთან, არ განმარტავს, რომელი კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აკეთებს ამას. 

პოლიციამ დააკავა გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა.

მანამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბოკერიას და მისი თანმხლები პირების მანქანები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. პოლიციამ მათ შეშა და კასრები ჩამოართვა, რომელიც პარლამენტთან პიკეტირების დროს ცეცხლის დასანთებად არის საჭირო.

ბოკერია დაინტერესდა, რა უფლებით ართმევდნენ პოლიციელები მას შეშას და კასრებს.

პოლიციელების თქმით, ეს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

შეშა ჩამოართვეს აქტივისტების სხვა ჯგუფსაც რუსთაველის გამზირზე.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე შეშა და კასრები ჩამოართვეს ელენე ხოშტარიასაც, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან.

.აქტივისტები პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ, დილით კი შეეცდებიან, პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინონ და ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებმაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდეს, მუშაობის საშუალება არ მისცენ.

ღამის გასათენებლად მათ გათბობა, ცეცხლის დანთება სჭირდებათ, თუმცა, პოლიციამ აქტივისტებს შეშა და კასრები ჩამოართვა.

კომენტარები