ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში

"მამამ შვილი მოაწყო" - დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გზირიშვილის კაბინეტთან ნეპოტიზმი გააპროტესტეს

0 კომენტარი
ფოტო: ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის კაბინეტთან ნეპოტიზმი გააპროტესტეს.

მათ გზირიშვილის კაბინეტთან ფურცლები გააკრეს წარწერით: "მამამ შვილი მოაწყო".

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი ჩარიცხა. 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, მოსამართლედ დანიშვნაზე პრეტენზია განაცხადონ. ის სწორედ მოსამართლეობისთვის მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებაა.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი სკოლაში ნეპოტიზმით ჩაირიცხა, ვინაიდან კონკურსში სხვა, ბევრად კვალიფიციური კადრებიც მონაწილეობდნენ.

მისივე თქმით, ლევან გზირიშვილიც მოსამართლეთა კლანის წევრია, ვინაიდან მათ ყველა გადაწყვეტილებაში მხარს უჭერს. 

ფაქტი, რომ ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი ნეპოტიზმით გახდა, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ბესო ალავიძე ფეისბუქზე გამოეხმაურა და მისი სკოლაში ჩარიცხვის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა.

"დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდის, იშვიათი გამოცდილების მქონე და წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს, თუმცა, სამწუხაროდ ისევ იზეიმა საქართველში კარგად აპრობირებულმა ნეპოტიზმმა, ფამილარობამ, პირადმა კონტაქტებმა, ჩაწყობამ, მომავალი თაობებისთვის უიმედობის განცდის გაჩენამ, ანუ ისევ არაფერი გვეშველება, ... სამარცხვინოა ეს ყველაფერი!" - დაწერა ალავიძემ ფეისბუქზე 25 ნოემბერს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები