მკვლელობა პანკისში

ბოკერია: ტრაგედია და არსებული ატმოსფერო პანკისში ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის შედეგია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პანკისში ჰესის გამო დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობა და ხეობაში არსებული ატმოსფერო "ჩვენი მოქალაქეების მიმარ ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის პოლიტიკისა და დამოკიდებულების შედეგია."

ბოკერიას თქმით, მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ჰესის გამო ხეობაში მომხდარი კონფლიქტია. მისი თქმით, პანკისში მოლაპარაკებებსა და გარიგებებში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"თუ ეს ინფორმაცია არის სწორი, და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი დავიჯეროთ, რომ ეს ასეა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრაგედია და ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი სამარცვინო რეჟიმის პოლიტიკისა და დამოკიდებულების ჩვენი მოქალაქეების მიმართ",-ამბობს ბოკერია. 

დღეს, 27 ნოემბერს, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს, 1 კი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაპირისპირების მიზეზი ხეობაში მშენებარე ჰესია. მცხოვრებთა ნაწილი ჰესის აშენებას ემხრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია.  

... 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შსს-მ თქვა, რომ უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი.

კომენტარები