20 ივნისს დაკავებულების საქმე

"სამი შვილის მყავს და სამივეს ემუქრებიან" - ბუდაღაშვილის დედა ამბობს, რომ უთვალთვალებენ

"სამი შვილის მყავს და სამივეს ემუქრებიან" - 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ, მის შვილებს კი ემუქრებიან. 

"მართალია, ხორციელდებოდა ჩემზე და ჩემს შვილებზე დევნა, მაგრამ თუ ასე იყო საქმე და ზურა ამხელა ზეწოლის ქვეშ იყო იქ, არ ვიცოდი. ახლა მართლა მეშინია. აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობ თავს, დაუცველია ჩემი პატიმარი შვილი და დაუცველები არიან დანარჩენი შვილებიც. სამი შვილის მყავს და სამივეს ემუქრებიან. სახლიდან გამოსვლისას ვხედავ რომ სულ დგას ვიღაც და მითვალთვალებს. ამაზე მეტი ზეწოლა რაღა უნდა იყოს, რომ ერთი შვილი დაპატიმრებულია და მეორეს ნარკოტიკს უტენიან ჯიბეში," - ამბობს ბრალდებულის დედა ტვ პირველთან საუბრისას. 

დღეს გამართულ პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა თქვა, რომ მას ციხეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ და ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ. საუბარია გიგი უგულავაზე, ნიკა მელიაზე და ირაკლი ოქრუაშვილზე. 

ბრალდებული ბუდაღაშვილი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასთან საკანში რამდენჯერმე შევიდნენ ადამიანები ყალბი სახელებითა და გვარებით და სასურველი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში, ოჯახის წევრებით დაემუქრნენ. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ზურაბ ბუდაღაშვილი და კიდევ სამი პირი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებით დააკავეს. ოთხივე პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება გამოძიება ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობის ბრალდებითა დაკავებული კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის "გამარჯვებული საქართელოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 

კომენტარები