ემანუელ მაკრონი

მაკრონი: რუსეთი ჩვენი მტერი არაა

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა NATO-ს მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შუალედური დამიზნების ბირთვული შეთანხმების შემდგომ პერიოდში კვლავ დგას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის საკითხი და პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - ვინ არის მტერი? მაკრონს მიაჩნია, რომ მტერი რუსეთი ან ჩინეთი არაა და რომ ალიანსის საერთო მტერი ტერორიზმია.

"ეს საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს რუსეთია? ჩინეთი? NATO-ს მიზანია, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? არ ვფიქრობ ასე. ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენ წევრ ყველა ქვეყანაზე დატოვა კვალი".

მაკრონმა რუსეთზე საუბრისას თქვა - "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია". 

"რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია," - დასძინა მან.

მაკრონმა 9 დეკემბერს დაგეგმილი ნორმანდიის სამიტიც ახსენა, სადაც რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ.

მაკრონმა აშშ-ისა და რუსეთის მიერ შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების საკითხზე თქვა, რომ შეთანხმება, რომელიც INF-ს ჩაანაცვლებს, ევროპელების ჩართულობას მოითხოვს და "ეს ევროპის უსაფრთხოების საკითხია".

აგვისტოში მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არაა.

"ევროპული კონტინენტი არასდროს იქნება სტაბილური, არასდროს იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენ არ დავალაგებთ და გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობებს რუსეთთან. ეს, რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ არის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არაა," - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დასაწყისში რუსეთის ნარატივიც გაიმეორა და მსოფლიოში "დასავლური ჰეგემონიის დასასრულზე" გაამახვილა ყურადღება. ამის მაგალითად მან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკაც მოიხმო. 

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება".

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" და მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე ძალების გაყვანა. 

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

მის ამ განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირის არაერთი ლიდერი. პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი თქვა:

"ევროპა თავს ვერ მოაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში. ჩვენ ვემხრობით მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ რუსეთი მშვიდობიანი არ არის და მის გარშემო საკმაოდ აგრესიულად იქცევა. პრეზიდენტ მაკრონს განსხვავებული პოზიცია აქვს იმიტომ, რომ რუსული დათვის ცხელს სუნთქვას საკუთარ კეფაზე ვერ გრძნობს. ჩემი აზრით ევროკავშირის სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უყურადღებოდ არ დატოვონ ევროკავშირის პარტნიორები თავშეკავება რუსეთთან მიმართებით."

კომენტარები