აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

დაკავების მცდელობისას, დეპუტატ ირაკლი აბესაძეს თვალი დაუზიანდა

ტაბულა

​საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი აბესაძეს, რომლის დაკავებასაც პოლიცია ცდილობდა, თვალი დაუზიანდა.

​ევროპული საქართველოს დეპუტატის დაკავებას პოლიცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე აპირებდა, თუმცა, ვერ შეძლო. ირაკლი აბესაძე ტაბულასთან ამბობს, რომ თვალი, სავარაუდოდ, დაკავების მცდელობის დროს, პოლიციელის სამხრე კამერით დაუზიანდა.

"სცადა პოლიციელმა ჩემი დაკავება, მიუხედავად ჩემი მხრიდან არაერთხელ მიცემული გაფრთხილებისა. გარდა იმისა, რომ არანაირ კანონს არ ვარღვევდი, ვარ დეპუტატი და პირდაპირ აკრძალული ჰქონდა ჩემი დაკავება. მიუხედავად ამისა, ის ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა, თუმცა, კანონი ძალიან უხეშად დაარღვია", - ამბობს ის.

ამასთან, ირაკლი აბესაძის თქმით, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იძინოს მშვიდად და მისმა ჩინოვნიკებმა ქუჩაშიც კი არ მოისმინონ პროტესტი, პოლიციას დავალებული აქვს დაარღვიოს კანონი და იძალადოს ადამიანებზე.

"უკვე მერამდენე დღეა თვალნათლივ ვხედავთ, რომ პოლიციას აქვს დავალება კონსტიტუციის და კანონმდებლობის პირდაპირ ფეხებზე დაკიდებით, უხეში გათელვით იძალადოს ადამიანებზე; ჩაიდინონ, მათ შორის, დანაშაულებრივი ქმედება, როცა ჟურნალისტებზე ძალადობდნენ და ხელს უშლიდნენ საქმიანობაში; იძალადონ დეპუტატებზე და სცადონ მათი დაკავება, როცა ამის არანაირი, არც კონსტიტუციური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ და უფრო მეტიც, პირდაპირ ეკრძალებათ დეპუტატის დაკავება, თუ ის დანაშაულს არ სჩადის. ამ ყველაფერს აკეთებენ ერთადერთი მიზნით და მოტივით, რომ ივანიშვილის ჩინოვნიკებმა მშვიდად გაიარონ და ქუჩაშიც კი არ მოისმინონ ის მწვავე პროტესტი, რომელსაც იწვევს მათი მხრიდან მოსახლეობის მოტყუება, გადაგდება. სურთ, რომ ივანიშვილმა იძინოს მშვიდად, ამისათვის მზად არიან უხეშად და დანაშაულებრივად დაარღვიონ კანონი", - ამბობს აბესაძე ტაბულასთან.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავს, აქცია მიმდინარეობს. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

პოლიციამ დააკავა და გაათავისუფლა დეპუტატი გიორგი კანდელაკი, ასევე, გიგი უგულავა. ამ დრომდე დაკავებულები არიან აქციის სხვა მონაწილეები. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები