ომბუდსმენი კერზაიას საქმეზე: დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა

სახალხო დამცველმა ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ საქმეში ვლინდება სისტემური ხარვეზები. 

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. 

ომბუდსმენი წერს, რომ გამოძიების შედეგად, არ დადასტურდა, რომ ლავრენტი ქირია, რომელმაც თითქოს 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა, ნამდვილად არსებობდა. ასევე არ დადასტურებულა პირობითი ლავრენტი ქირიას მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა. 

"საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება [რომ ის პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია] იძლეოდა ამის საფუძველს,"- წერია ომბუდსმენის დასკვნაში. 

სახალხო დამცველის დასკვნით, საქმის მასალების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. ომბუდსმენის განცხადებით, მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური "მოკვლევის" ან "წინასაგამოძიებო მოქმედების" ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს. 

"გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა თვლიდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას," - წერია დასკვნაში. 

ომბუდსმენის შეფასებით, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. დასკვნის მიხედვით, ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა, რა დროისთვისაც კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტრო ვიდეოჩანაწერებს 29 დღით ინახავდა. 

"კადრების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გამოძიება დროულად, 26-27 ნოემბერსვე დაიწყებოდა,"- წერს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის დასკვნით, ეს გაუმართლებელი დაგვიანება გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი გახდა.

"პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი. ცალკე შეფასების საგანია ის, რომ
თუნდაც 11 თებერვალს დაწყებული გამოძიების პირობებში, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვეს
,"- წერს ომბუდსმენი. 

გარდა ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს. 

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მხრივ პროკურატურის არათანმიმდევრულ პრაქტიკაზე, რაც სხვა, ბოლოდროინდელ საქმეებშიც არაერთხელ გამოიკვეთა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა. სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ ბაჩანა შენგელიამ მცირე ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობასაც განსაკუთრებულ ყურადღებით დააკვირდება,"- წერია დასკვნაში. 

კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 

კომენტარები