აშშ

აშშ NATO-ს დაფინანსებას უმცირებს, საქართველოს და უკრაინას უზრდის

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაფინანსება შეუმციროს NATO-ს და კონტრიბუცია 22%-დან 16%-მდე შეამციროს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ამგვარად აშშ თითქმის გაუთანაბრდება გერმანიას, რომელიც ალიანსის ბიუჯეტის 14.8%-ს აფინანსებს.

საუბარია ალიანსის პირდაპირ ბიუჯეტზე, რომელიც საშუალოდ 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შტაბბინას, უშიშროების ერთობლივ ინვესტიციებს და ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს ხმარდება. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები იმდოვნებენ, რომ დარჩენილ თანხას სხვა წევრი ქვეყნები შეავსებენ.

პარალელურად აშშ-ის თავდაცვის ერთ-ერთი ოფიცალური პირი მედიასთან ამბობს, რომ დაზოგილი თანხა ევროპაში უშიშროების და სამხედრო კუთხით სხვა მიზნებს მოხმარდება, მათ შორის NATO-ს არაწევრი ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოსა და უკრაინაში პროგრამების დაფინანსებას, ვინაიდან სწორედ ეს ქვეყნები აღიქმებიან რუსეთთან ფრონტის ხაზზე.

NATO-ში ამბობენ, რომ თანხების გადანაწილების ახალი ფორმულა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მხრიდან დაფინანსების წილი შემცირდება და კანადისა და ევროპული ქვეყნების მხრიდან გაიზრდება იმის დემონსტრაციაა, რომ მოკავშირეები ალიანსის გაძლიერებაზე და ტვირთის თანაბრად გადანაწილებაზე მუშაობენ.

ტრამპმა NATO-სათვის დაფინანსების შემცირების მუქარა და სხვა წევრი ქვეყნებისათვის კონტრიბუციის გაზრდისაკენ მოწოდება პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე დაიწყო. ის განსაკუთრებით მოუწოდებდა გერმანიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაეზარდათ. მომდევნო კვირას ალიანსის სამოცდამეათე წლისთავზე ლონდონში სამიტი გაიმართება, რომელსაც ტრამპიც დაესწრება.

კომენტარები