ე.წ გერმანული მოდელი

ოპოზიციამ ე.წ გერმანული მოდელის საარჩევნო კანონპროექტი შეიმუშავა - დოკუმენტი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი შეიმუშავეს. ხელმოწერილ კანონპროექტს პარტიები პარლამენტში დაარეგისტრირებენ. 

რას გულისხმობს ოპოზიციის კანონპროექტი: 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები:

1. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.
3. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

აქტიური საარჩევნო უფლება

მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმა – იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას.

პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მანდატების მიკუთვნების პრინციპი:

1. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.
შენიშვნა: თუ მაჟორიტარული სისტემით რამდენიმე მანდატი მოიპოვეს „დამოუკიდებელმა“ კანდიდატებმა ან/და ისეთი პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ამ რაოდენობით შემცირდება გასანაწილებელი 150 მანდატის რაოდენობა.
2. პარტია/საარჩევნო ბლოკი მიიღებს მაჟორიტარული სისტემით მოპოვებულ ყველა მანდატს და პარტიული სიიდან იმდენ მანდატს, რომ მანდატების ჯამური რაოდენობა გაუტოლდეს პირველ პუნქტში აღნიშნულ მაქსიმალურ რიცხვს.
3. გამონაკლისია ერთადერთი შემთხვევა, თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიპოვეს იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი, ვიდრე პირველ პუნქტში აღნიშნული მაქსიმალური რიცხვია – ასეთ შემთხვევაში პარტიული სიიდან მას მანდატები არ დაემატება.

მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრთა არჩევის პრინციპები:

1. მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება არსებული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით, იმ პირობით, რომ ერთი მანდატის წონა 10%-ზე მეტით არ განსხვავდებოდეს საქართველოში ერთი მანდატის საშუალო წონისაგან და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი სრულად უნდა მოიცავდეს მხოლოდ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს, ხოლო ქალაქ თბილისში –მოსაზღვრე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს.
2. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს – ყოველ საარჩევნო ოლქში არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს – ერთ მრავალმანდატიან ოლქში ერთი კანდიდატისა.
3. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეულად ჩაითვლებიან შესაბამისი რაოდენობის ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.

პარტიული სიებით მანდატების განაწილების პრინციპი:

1. პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობად ითვლება პარტიული სიისთვის მიცემული ამომრჩეველთა მეორე ხმების ჯამი.
2. ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მიცემული ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი) კანდიდატისთვის;
3. პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.

დანართი 1

ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და მანდატების განაწილების წესი:

1. თავდაპირველად დაითვლება ამომრჩეველთა პირველი ხმები ანუ მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატებისთვის მიცემული ხმები და გამოვლინდება მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატები.
2. შემდეგ დაითვლება ამომრჩეველთა მეორე ხმები ანუ პარტიული სიებისთვის მიცემული ხმები იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობაში არ მიიღება იმ ამომრჩეველთა მეორე ხმები, რომელთა პირველი ხმების საფუძველზე არჩეულად გამოცხადდნენ ე.წ. „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი) კანდიდატები. ამის შემდეგ განისაზღვრება პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი და იმ პარტიათა წარდგენით არჩეულ მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
3. შემდეგ გამოითვლება პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
4. შემდეგ განისაზღვრება პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელმაც მაჟორიტარული წესით იმდენივე ან მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მე-3 პუნქტის მიხედვით ეკუთვნოდა. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 73 მაჟორიტარის გამოსავლენად იქმნება 10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი:

თბილისი: 

N1 (მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, კრწანისი) - 7 მანდატი;
N2 (ისანი, სამგორი, ჩუღურეთი) - 7 მანდატი;
N3 (დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) - 8 მანდატი;

რეგიონები: 

N4 (კახეთი და მცხეთა-მთიანეთი) - 8 მანდატი;
N5 (შიდა  ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) - 8 მანდატი;
N6 (ქვემო ქართლი) - 8 მანდატი;
N7 (ქუთაისი, ვანი, ხონი, სამტრედია, წყალტუბო) - 6 მანდატი;
N8 (თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ბაღდათი, ხარაგაული, ჭიათურა, საჩხერე, აბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია) - 6 მანდატი;
N9 (სამეგრელო) - 7 მანდატი;
N10 (აჭარა, გურია) - 8 მანდატი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები