APPLE

Apple ყირიმზე კრიტიკის შემდეგ: სადავო საზღვრებს უფრო ღრმად განვიხილავთ

GETTY IMAGES

"ღრმად ჩავიხედებით, თუ როგორ განვიხილოთ სადავო საზღვრები," - ასე გამოეხმაურა კომპანია Apple რუსეთში Apple-ის რუკაზე ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობის შემდეგ მოყოლილ საერთაშორისო კრიტიკას.

კომპანიის სკიპერმა ტრუდი მალერმა განმარტა ის, რაც უკვე ცნობილი იყო, რომ Apple-ს რუსეთის საზღვრებს გარეთ რუკებში არაფერი შეუცვლია. მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ რუსი მომხმარებლისთვის ქვეყანაში მიღებული ახალი კანონის გამო მოხდა.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კანონებს განიხილავდნენ ისევე, როგორ ამერიკის ან სხვა ქვეყნის შიდა კანონებს. 

მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენლები უკეთ განიხილავენ სადავო საზღვრებს, რუკებში "მომავალში, შესაძლოა, ცვლილებები შეიტანონ". ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის ცვლილებებზე საუბრობს კომპანია.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მომხმარებლებს რუკებისა და Apple-ის სხვა მომსახურების გამოყენება მსოფლიოში ყველგან შეუძლიათ".

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად ცნობს, თუმცა რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ყირიმი რუსეთის ნაწილია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ყირიმი არცერთი ქვეყნის ნაწილი არ არის. 

ამ საკითხზე Apple-სა და რუსეთს თვეების განმავლობაში ჰქონდათ მოლაპარაკება. Apple-ის თავდაპირველი შეთავაზებით, კომპანიას შეეძლო ყირიმი არც რუსეთისა და არც უკრაინის ნაწილად აესახა. 

"პროგრამული უზრუნველყოფა რბილი ძალაა. ამერიკულმა ტექ-გიგანტებმა ის ღირებულებები უნდა დაიცვან, რამაც მათი წარმატება შესაძლებელი გახადეს და დიქტატორებს ზედმეტი ფულის სანაცვლოდ, რომელიც მათ არც სჭირდებათ, თავი არ უნდა დაუხარონ," - აღნიშნა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა გარი კასპაროვმა. 

"IPhone დიდებული პრდუქტია. სერიოზულად, თუმცა, Apple, გთხოვთ, გთხოვთ, მაღალ ტექნოლოგიებსა და გართობას მიხედეთ. გლობალური პოლიტიკა თქვენი ძლიერი მხარე არაა. ყირიმი უკრაინაა," - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო კომპანიის გადაწყვეტილებას. 

Apple აშშ-ში უკრაინის საელჩომაც გააკრიტიკა. 

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები დღემდე აკისრია. დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება. 

კომენტარები