პროპორციული სისტემა

ბოკერია: გავაგრძელებთ "ოცნების" პოლიტიკურ წვალებას პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით

გიგა ბოკერია
ტაბულა

"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. მისი თქმით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა, ქართულ ოცნებას პასუხი არ აქვს.

"რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ჩვენ შევთავაზეთ ბევრი ვარიანტი. უნდათ, რომ იმაზე, რაზეც ვერ ვთანხმდებით, დოკუმენტი გავაგზავნოთ ნეიტრალურ არბიტრთან? პასუხი არის ან დუმილი ან ბლაბლაბლა, იმიტომ, რომ პასუხი არ აქვთ. ამიტომ იწვალონ, სანამ მათი უფროსი გონს არ მოეგება და მერე მისი გონს მოგების შედეგად არ შესრულდება პირობა, რომელიც დაიდო საზოგადოების წინაშე" - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით".

ამასთან, ევროპული საქართველოს დეპუტატის აზრით, მოლაპარაკებების ფორმატი უცნაურია, რადგან არ მიიწვიეს სამოქალაქო საზოგადოების ის ჯგუფები, "ვინც ამ პროტესტის ავანგარდში იყვნენ".

"მაგრამ ჩვენ არც ერთ საბაბს არ მივცემთ ახლა ივანიშვილის გუნდს, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, მაგრამ ისინი იმსახურებენ პოლიტიკურ წვალებას, ჩვენ გავაგრძელებთ ამ "პოლიტიკურ წვალებას" პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, მანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, მათ შორის დაღვრილი სისხლით და რის დაცვასაც აპირებს ბოლომდე, მშვიდობიანი პროტესტით. 

ორი საკითხი იყო მთავარი  - გერმანული მოდელი, რაც არის გზა სწრაფად საზოგადოების მიმართ მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღების და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების, სწრაფად, რამდენიმე კვირაში და მეორე საკითხი იყო გავრილოვის ღამის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ორი საკითხი ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის საკვანძო, რომ საერთოდ ვილაპარაკოთ ნაბიჯებზე ნორმალიზაციისკენ, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათ მძევლად ყოფნას - "იცი რა, ცუდად მოვიქცევით და თქვენ ნუ გვიპასუხებთ, თორემ დაიძაბება ვითარება". მდგომარეობა დაძაბულია, ამიტომ დიდი ხანი მოუწევთ ასე პოლიტიკური წვალება აქაც და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების წინაშე ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით, ეს გარდაუვალია" - თქვა ბოკერიამ.

მმართველი გუნდის და ოპოზიციის რამდენიმესაათიანი შეხვედრა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მიერ იყო ინიცირებული, ცოტა ხნის წინ დასრულდა. იუსტიციის მინისტრის, ვიცე პრემიერის თეა წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდის ურყევ პოზიციად დარჩა, რომ "გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია".

კომენტარები