რუსეთის დაზვერვის ფარული აგენტები

აშშ-ში რუსული კულტურის ცენტრის ბოლო 2 ხელმძღვანელი FBI-ის მიერ ჯაშუშადაა ეჭვმიტანილი

"თუკი რუსი დიპლომატი ვაშინგტონში ახალგაზრდა, მზარდ პროფესიონალს დაფინანსებულ მოგზაურობას შესთავაზებს რუსეთში, რომელიც ძვირადღირებულ სასტუმროებს, სასმელებსა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ქვეშევრდომებთან შეხვედრებს მოიცავს, ეს ადამიანი, შესაძლოა, მარტივად ჯაშუში აღმოჩნდეს"
The Atlantic, 2013

კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, მედიას უთხრა, რომ დეკემბერში საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება. კარასინის თქმით, ახალი ცენტრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრამავებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

არაერთი წყარო მოწმობს, რომ ასეთი კულტურის ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება. 

ამ ფაქტს ისიც მოწმობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში FBI-ის კონტრდაზვერვის სამსახური ვაშინგტონში მოქმედი რუსული კულტურის ცენტრის ორი დირექტორის საქმიანობას აკვირდებოდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ისინი რუსეთის დიპლომატიური იმუნიტეტის საფარქვეშ მოქმედი ჯაშუშები იყვნენ და ახალგაზრდა ამერიკელების რეკრუტირებას ცდილობდნენ. 

მათგან ერთერთი ოლეგ ჟიგანოვი იმ 60 პირს შორის მოხვდა, რომელიც სკრიპალის ინციდენტის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან გააძევა. 60-ვე მათგანი FBI-ის კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც დიპლომატიური იმუნიტეტის საფარქვეშ მოქმედი რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი. 

მართალია, ჟიგანოვის წინამორბედი იური ზაიცევი აშშ-ს ქვეყნიდან არ გაუძევებია, თუმცა FBI-მ გამოძიება მის წინააღმდეგაც დაიწყო. 2013 წელს კონტრდაზვერვა ყველა იმ პირს დაუკავშირდა და გამოკითხა, რომელიც ზაიცევის მიერ ორგანიზებულ რუსულ კულტურულ-გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა. ეჭვს იწვევდა ის ფაქტი, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილეების ვიზიტი მაღალი კლასის ძვირადღირებულ სასტუმროების გადასახადებიდან დაწყებული ვიზის მოსაკრებელით დამთავრებული სრულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდებოდა.

გაცვლითი კურსის ფარგლებში, ამერიკელი ახალგაზრდები რუსეთის მაღალჩინოსნებს ხვდებოდნენ, როგორებიც არიან მაგალითად, სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის გუბერნატორები და პუტინის "ერთიანი რუსეთის პარტიის" ლიდერები. 

კონტრდაზვერვა გამოკითხვაზე მყოფ ამერიკელებს აფრთხილებდა, რომ ისინი რუსეთის დაზვერვის სამსახურისთვის შესაძლო სამიზნეები იყვნენ. 

გაცვლით კურსში მონაწილე ერთერთმა ამერიკელმა, რომელიც FBI-მ გამოკითხა, გამოცემა Mother Jones-ს იმეილი მიწერა: 

"FBI-მ გამიმხილა, რომ იური ზაიცევი რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი და პროფესიონალი ჯაშუშია, რომელიც ვაშინგტონში მოქმედი რუსეთის კულტური ცენტრის დირექტორად მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია აშშ-ში ლეგალური საცხოვრებელი ჰქონდეს". 

ზაიცევმა, რომელიც აშშ-ს ქვეყნიდან არ გაუძევებია, მალევე თვითონ დატოვა ქვეყანა. ის 2015 წელს რუსული კულტურის ცენტრს ჯერ კვიპროსში ხელმძღვანელობდა, ხოლო 2016 წლიდან ვენაში. 

ზაიცევი ვაშინგტონში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე ოლეგ ჟიგანოვმა ჩაანაცვლა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2018 წლის მარტში ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან იმ 59 პირთან ერთად გააძევა, რომლებიც ამოცნობილი ჯაშუშები იყვნენ. 

ოლეგ ჟიგანოვი, ზაიცევის მსგავსად, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფდა. 

FBI-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი სკოტ ოლსონი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა FBI-ში და მათ შორის უძღვებოდა კონტრდაზვერვის ოპერაციებს, ამბობს, რომ ჟიგანოვი არ მოხვდება იმ 60 რუსში, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს, ის ამოცნობილი დაზვერვის ოფიცერი რომ არ ყოფილიყო. 

სკოტ ოლსონმა, TWS-ს უთხრა, რომ ასეთი კულტურის ცენტრების ოფიციალურ საფარად გამოყენება, ჯაშუშების სამყაროში "ძალიან ნორმალურია". 

"უნდა გახსოვდეს, რომ ამ ადგილს ჯაშუშობისთვის დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამო იყენებენ და ამას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ სამუშაოსთან,"- ამბობს ოლსონი.

ჟიგანოვის ქვეყნიდან გაძევებიდან რამდენიმე თვეში მისი გვარი აქტუალური ჯაშუშობის კიდევ ერთ საქმესთან მიმართებით გახდა. საქმე ეხება 30 წლის მარია ბუტინას, რომელსაც FBI ბრალს სდებდა იმაში, რომ ის 2015 წლიდან, მინიმუმ, 2017 წლის თებერვლამდე კრემლის ფარული აგენტი იყო და მუშაობდა რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნების დავალებით.

ბუტინა ცდილობდა, სექსის შეთავაზების სანაცვლოდ მოეპოვებინა სამუშაო ერთერთ ამერიკულ სპეციალურ ინტერესთა ჯგუფის ორგანიზაციაში და ინფილტრაცია მოეხდინა ცეცხლსასროლი იარაღის ეროვნულ ასოციაციასა (იარაღის ტარების უფლების დამცველი წამყვანი ამერიკული კონსერვატიული გაერთიანება) და სხვა გავლენიან კონსერვატიულ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რათა მათზე გავლენის მოხდენით, ამ ორგანიზაციების პოლიტიკა რუსეთისადმი უფრო ლოიალური გამხდარიყო. 

ბუტინას მიმართ წაყენებულ ბრალში ერთერთი მტკიცებულება სწორედ ჟიგანოვთან შეხვედრაა. POLITICO-ს კონტრდაზვერვაში მომუშავე ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბუტინა ჟიგანოვს მას შემდეგ შეხვდა, რაც ჟიგანოვმა ის სადილზე დაპატიჟა. 

ბუტინას ადვოკატი ასევე ადასტურებდა ჟიგანოვთან შეხვედრას, თუმცა უარყოფდა რაიმე კავშირს ჯაშუშობასთან. 

იმაზე, რომ რუსეთი კულტურის ცენტრებს ჯაშუშობის საფარად იყენებს ფრანგული მედიაც წერდა. პარიზში 2016 წლის 19 ოქტომბერს 4 000 კვადრატული მეტრი სიდიდის კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ოქროთი მოჩუქურთმებულ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსულ კულტურის ცენტრს მოიცავდა. 

მისი გახსნის ღონისძიებას თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც უნდა დასწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, სირიასთან მოლაპარაკებები მოითხოვა, პუტინმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა, თუმცა კომპლექსი მაინც გაიხსნა. 

რუსული კომპლექსი არაერთ დიპლომატიურ აპარტამენტთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახლოს მდებარეობს. 

ფრანგული გამოცემა World Crunch 2016 წელს წერდა, რომ ელისეის სასახლეს მოსკოვში მყოფმა ყოფილმა ელჩმა მიწერა, რომ დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ ადგილს დაზვერვის სამსახურისთვის იყენებდა. 

"ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აამუშავოთ ანტი-სადაზვერვო სამსახური,"- წერს ავტორი. 

კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა Le Temps ასევე წერდა, რომ გერმანიის ელჩმა, ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა, რომელიც ამ კომპლექსთან ახლოს ცხოვრობს, დაზვერვის წინააღმდეგ ზომები აამოქმედა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, შვედეთის საელჩოც საქმის კურსში იყო. 

ელისეის სასახლის ყოფილი მრჩეველი ამბობდა, რომ ყველა საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ყველა უწყება აფრთხილებდა, რომ რუსული კომპლექსის პროექტი არ მიეღო, თუმცა, როგორც World Crunch წერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პრეზიდენტის პრიორიტეტი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან, ურთიერთობების დათბობა იყო. 

იმაზე, რომ პარიზში მდებარე კულტურის ცენტრს მოსკოვი დაზვერვის სამსახურების საფარად იყენებს, წიგნში "რუსული საფრანგეთი" ჟურნალისტი ნიკოლას ჰენინიც საუბრობს. ჰენინი წერს, რომ ეს კომპლექსი რისკისშემცველი იყო, ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ მოსკოვი მას პარიზის შუაგულში პროპაგანდისა და რბილი ძალის საფარად იყენებდა. 

"ისინი კვლავ რჩებიან ცივი ომის ძალთა განლაგებაში," - წერდა ავტორი. 

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ. 

საბჭოთა კავშირის დროს ამ პროპაგანდისტულ ფუნქციებს ე.წ ВОКС (Всесою́зное о́бщество культу́рной свя́зи с заграницей) - უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადოება ეწოდებოდა, რომელიც 1925 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ იყო დაარსებული. 

მისი პირველი ხელმძღვანელი დაარსებიდან 1930 წლამდე ბოლშევიკური პარტიის ერთერთი იდეოლოგის, ლეონ ტროცკის, და და კიდევ ერთი იდეოლოგის, ლევ კამენევის, ცოლი ოლგა ბრონშტეინ-კამენევა იყო. 

ВОКС კომუნისტური პროპაგანდის დე-ფაქტო ორგანიზაცია იყო, რომლის საფარქვეშაც КГБ საგარეო დაზვერვის სამსახურები მოქმედებდნენ. ამის გამო ეს გაერთიანება ხშირად ექცეოდა დასავლელი სამთავრობო ლიდერების, საჯარო ინტელექტუალებისა და მედიის კრიტიკის ქვეშ. 

1958 წელს ВОКС გარდაიქმნა "უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობებისა და მეგობრობის საბჭოთა საზოგადოებების კავშირად", რომელმაც 1992 წლამდე იარსება. დღეს კი რუსულ კულტურულ ცენტრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო "როსსატრუდნიჩესტვო" აკონტროლებს.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ВОКС-ის მსგავს გაერთიანებას ГОКС (Грузинское общество культурных связей) - კულტურული კავშირების ქართული საზოგადოება ერქვა. ამასთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია ГОДИКС (Грузинское общество дружбы и культурных связей с заграницей) - უცხოეთთან კულტურული კავშირებისა და მეგობრობის ქართული საზოგადოება. მისი ოფისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელ სასახლეში იყო. 

სწორედ ამ უკანასკნელ ორგანოს 1988 წლიდან 1993 წლამდე ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ის "უცხოეთთან კულტურული კავშირებისა და მეგობრობის ქართული საზოგადოების" პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო. 

ГОКС-ს 40-იანი წლების მიწურულს ნიკოლოზ მიქავა ხელმძღვანელობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის КГБ-ს პოლკოვნიკი და პარტიული ორგანიზაციის მდივანი იყო. 1946 წელს ის წითელი ვარსკვლავით დააჯილდოვეს. 

1947 წელს, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მონაწილეობდა საქართველოში ამერიკელი მწერალის, ჯონ სტეინბეკისა და ცნობილი ფოტოგრაფის, რობერტ კაპას, ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც მათი საბჭოთა კავშირის ტურის ფარგლებში შედგა. ეს შეხვედრა მიქავას ხელმძღვანელების მიერ პოლიტიკურად საფრთხისშემცველად ჩაითვალა. მალევე, 1948 წელს ის კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან ერთად დააკავეს. ფორმალურად მას ჰომოსექსუალურ კავშირს ედავებოდნენ. 

ქართული საბჭოთა ГОКС-ის ადგილობრივი საზოგადოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისთვის გაზეთ "სამშობლოს" უშვებდა. ის 1956 წლიდან თბილისში თვეში 2-ჯერ გამოდიოდა. თავდაპირველად მას "სამშობლოში დაბრუნებისთვის" ერქვა, მოგვიანებით "სამშობლოს ხმა", 1971 წლიდან კი "სამშობლო. 

კომენტარები