ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: გვერდზე გავდგები, როცა დავინახავ, რომ ჯანსაღი ძალები იბრძვიან ძალაუფლებისთვის

Reuters

Bloomberg-თან საუბარში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მაშინ წავა, როდესაც "პასუხისმგებლიანი" და "ჯანსაღი" ძალა გამოჩნდება ასპარეზე და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩაანაცვლებს:

"ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული ძალები. მაშინ გავდგები გვერდზე, როდესაც დავინახავ, რომ ჯანსაღი ძალები იბრძვიან ძალაუფლებისთვის. მანამდე არა."

"არჩევანი რომ გვქონდეს დღეს ქართულ ოცნებასა და ვინმე სხვას შორის, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ მნახავდით. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი."

"მერჩივნა მებაღე ვყოფილიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი." თქვა ივანიშვილმა ინტერვიუში.

Bloomberg-ის სტატია სათაურით "თბილისში არეულობა მილიარდერის ოცნებას კოშმარით ემუქრება" 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. ის მიმოიხილავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებს პარლამენტთან, აქციების დაშლას და რუსეთთან ურთიერთობებს.

გამოცემასთან ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა:

"სიგიჟეა, რაც რუსეთმა გააკეთა, მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, სიძულვილის ენას მივმართავთ და ერთმანეთის ლანძღვას დავიწყებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არ გადაიჭრება."

სტატიაში მოყვანილია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხმაურება:

"ივანიშვილი ფიქრობს, რომ მან უნდა გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ნაცვლად ვინ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ არა. ეს ტიპური დიქტატორული ქცევაა. დაკავების მუქარა ვერ შემაკავებს საქართველოში დაბრუნებისაგან, მაგრამ კვლავ დგას კითხვა - როდის." თქვა მან სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები