ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამტყუნეს და ჯარიმა დააკისრეს, მას დეპუტატის მანდატი შეუწყდება

რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თავად ნიკა მელია განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში. ხოლო უდანაშაულოდ - სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის დახმარების ნაწილში.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბანკის გაკოტრების მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. 

პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, "აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა".

კომენტარები