სირცხვილიას ინფორმაციით, "ოცნების" აქტივისტების ნასროლი პიროტექნიკით მათი 5 წევრი დაშავდა

ტაბულა

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა, აქედან ერთი - არასრულწლოვანია. მათი მისამართით ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა პიროტექნიკა ისროლეს.

ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქცია 19:00-ზე დაიწყო. ისინი მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. 

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. 

პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

კომენტარები