"ორივე მხარე თავისი აზრის გამოხატვას ცდილობდა" - აქცია დასრულდა, მოძალადეები არ დაუკავებიათ

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისთან "სირცხვილიას" და "შეცვალეს“ საპროტესტო აქცია დასრულდა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორია დატოვეს. 

"დაჟინებული და მშვიდი დგომით გავაქციეთ მომხდური, მივდივართ და ბიძინას შეწუხების ახალ-ახალ მზაკვრულ ხერხებს დავგეგმავთ" - უთხრა ტაბულას "სირცხვილიას" ერთერთმა ორგანიზატორმა სალომე ბარკერმა.

ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, არასრულწლოვანი.

ამის მიუხედავად, პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის თქმით, ქართული ოცნების ოფისთან იმყოფებოდა "სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე და ორივე მხარე საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა".

"მათ შორის მოხდა კონფლიქტი. არავინაა დაკავებული. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს“, - თქვა ბუხრაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები