ვინ გამოჰყავს "ოცნებას" ე.წ. "კონტრაქციებზე", სადაც მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობენ

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. 

გუშინ, 2 დეკემბერს, მცხეთაში, მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებს, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მცხეთის მერი და ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მცხეთის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.

ძალადობის გასაპროტესტებლად 19:00 საათზე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მისულ მოქალაქეებს ტერიტორიაზე კვლავ "კონტრაქცია" დახვდათ. პარტიის აქტივისტებს შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ორბელიანის მოედანზე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ვიდეოს, სადაც ერთი და იგივე ადამიანები ორივე ტერიტორიაზე არიან, პუბლიკა ავრცელებს. ამავე ვიდეოში, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ამბობს, რომ პარტიას კონცერტზე ჩამოსული ადამიანების ხარჯები არ დაუფარავს, თუმცა საწინააღმდეგოზე მიუთითებენ თავად რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები.

ტაბულასთვის ცნობილი გახდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქტივისტების ნაწილის ვინაობა.

ოთარ რაჭველიშვილი - მას სამუშაო ადგილად ქართული ოცნება აქვს მითითებული. არის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე

მათე ჭაბუკიანი - იმყოფებოდა 22 ივნისის აქციაზეც, რუსთაველის გამზირზე და აქტივისტების თქმით, პროვოკატორობდა.

აგრესიულ აქტივისტებს შორის იყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი.

გარდა ამისა, აქტივისტებმა შეძლეს ამოეცნოთ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხელის შესაშლელად სხვადასხვა აქციაზე მივიდნენ.

გიორგი ჭარაია, რომლის იდენტიფიცირება მთავარმა არხმა შეძლო. თელეკომპანიის ინფორმაციით, ის საკრებულოში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.

რაც შეეხება მცხეთას, აქ დადასტურდა, რომ აქციაზე გარდა ქალაქის მერისა, საკრებულოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ და მათი ნაწილი უშუალოდ ძალადობაშიც მონაწილეობდა. მათი იდენტიფიცირება შეძლობა მოძრაობამ "გაბედე", რომელმაც ფოტოები ტაბულას მიაწოდა:

​ალექსანდრე ორუჯაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე

ილია ჯიშკარიანი - მცხეთის საკრებულოს თანამშრომელი, ყოფილი თავმჯდომარე

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მიხეილ თელია, ასევე, საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

მცხეთის აქციაზე იყო გორის სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პურიჭამიაშვილიც. მან qartli.ge-სთან ტერიტორიაზე ყოფნა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ იქ შემთხვევით აღმოჩნდა.

"მცხეთაში ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სპორტსმენთან, რომელიც მცხეთის საკრებულოში მუშაობს. სწორედ, ამ დროს აღმოვჩნდი იმ ტერიტორიაზე, რაზეც საუბრობთ. ჩვეულებრივი ვიზიტი მქონდა საქმიანიც და პირადიც" - ამბობს ის qartli.ge-სთან.

გიორგი პურიჭამიაშვილი მცხეთის აქციაზე
ფოტო: qartli.ge
ქართული ოცნების აქტივისტები 29 ნოემბერს თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისს ქუთაისში. მათ შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, ბოქლომი დაადეს ოფისის კარს და არსებული ინფორმაციით, დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

აქციის მონაწილეები იდენტიფიცირება მთავარმა არხმა შეძლო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები, ასევე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები. ტაბულამ მთავარი არხის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან შემდეგი დეპუტატების იდენტიფიცირება შეძლო:

  • იმედა საღინაძე - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი
  • ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი
  • კახა ბოჭორიშვილი - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი

გარდა ამისა, ტერიტორიაზე იმყოფებოდა, გაბრიელ ფოლკენშტერნიც, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სპორტული აიპ-ის თანამშრომელია. ის 2 დეკემბრის საღამოს უკვე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთანაც მივიდა.

გაბრიელ ფოლკენშტერნი - მონაწილეობდა ქუთაისში ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში. 2 დეკემბერს პუბლიკას კამერამ ჯერ ორბელიანის მოედანზე, შემდეგ კი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან დააფიქსირა.
ფოტო: მთავარი არხი

ქართული ოცნების აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები ჩალეწეს დღეს, 3 დეკემბერს, ზუგდიდშიც. აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა. თავდასხმაში მონაწილეობდა ზუგდიდის საკრებულოს წევრიც.

კომენტარები