ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდას მესამე დღეა, ეძებენ

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდას მესამე დღეა, ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ როგორც წყალს, ისე ტბის მიმდებარე ტერიტორიას.

"ძებნაში ჩართული ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80%.

"პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი 2 დეკემბერს დაიკარგა. როგორც ცნობილია, მეთევზეები ტბაში ნავით ძლიერი ქარის დროს შევიდნენ.

კომენტარები