საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ახალ დირექტორს: შეწყვიტეთ ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და ახალი დირექტორისგან ითხოვენ შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი და თანამშრომლებზე თავდასხმა.​

მათ დღეს ტელევიზიასთან აქციაც გამართეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბანერებზე ეწერა: "ნუ ჩაერევი", "მე ჟურნალისტი ვარ და არა მსახიობი", "თვალი ადევნეთ ეთერს და არა სქრინებს" და ა.შ.

ტაბულა ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორად აირჩია გიორგი კოხრეიძე. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. პირველი, რაც ახალმა დირექტორმა გააკეთა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.

ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა რომ ვართ მიკერძოებულები, არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს. აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე", - წერია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების განცხადებაში.

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი 22 ნოემბერს გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი, სამივე მათგანი საბჭოში ქართული ოცნების კვოტითაა არჩეული.

----

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს გადააყენეს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა, ანუ სამი ადამიანის მხარდაჭერა. 

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტებით შესულმა წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ დირექტორი საბჭოს პატივს არ სცემს, ტელევიზიის რეიტინგი განახევრებულია და პრიორიტეტები არ სრულდება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები