ბერის დაკავება

დაკავებული ბერის ადვოკატი: მამაომ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას

მთავარი არხი

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში დაკავებული ბერის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მისი თქმით, პოლიციამ თავდაპირველად რომან მალანია დააკავა, რომლის ავტომობილიც გააჩერეს და გაჩხრიკეს. შედეგად, ამოიღეს ჩანთა, სადაც, ადვოკატის ინფორმაციით, 14 გრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა.

ჯიტა გულუა მთავარ არხთან ამბობს, რომ ამ დროს ავტომობილში იმყოფებოდა ბერიც, თუმცა, ის მაშინ არ დაუკავებიათ. ადვოკატის თქმით, გიგა ქავთარაძე მასთან წუხელ, 4 დეკემბრის ღამეს მივიდა და თქვა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის.

"​წუხელ მამაო მოვიდა ჩემთან თხოვნით, რომ მას სურს გამოცხადება პოლიციაში, ბრალის აღიარებით. მან განაცხადა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამ შემთხვევაში გვაქვს ორივეს მხრიდან აღიარებითი ჩვენება", - ამბობს ადვოკატი მთავარ არხთან.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობაზე არ საუბრობენ და არ აზუსტებენ, ბერია თუ არა დაკავებული. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

კომენტარები