18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულების საქმეები

ირაკლი ფავლენიშვილი: დიდხანს არ გაგრძელდება ქართული სახელმწიფოს და სასამართლოს მიტაცება

ირაკლი ფავლენიშვილი 20 ივნისს აქციის ძალადობრივად დარბევის დროს მძიმედ დაშავდა

18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულ ირაკლი ფავლენიშვილს სასამართლომ 1300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "სირცხვილიას" აქტივისტს სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ. 

ფავლენიშვილი facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა. აქტივისტი წერს, რომ ბრალდების ერთადერთი წარმომადგენელი იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გარდა თავის ჩვენებისა, არავითარ სხვა ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ იშველიებდა, არც ვიდეო მასალასა და არც სხვა მოწმეთა ჩვენებებს. 

ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს კონკრეტულ ფაქტობრივ უზუსტობებზე, რომლებიც სასამართლო პროცესზე ცხადად გამოვლინდა, თუმცა, ამის და მიუხედავად, იგი მაინც დამნაშავედ ცნეს. 

ასეთი უზუსტობა იყო, მაგალითად, პოლიციელის განცხადება, რომ ოქმი შეადგინა ფავლენიშვილის დაკავებისთანავე, ანუ 18 ნოემბერს, "არადა ოქმში ეწერა რომ იყო 19 ნოემბერს შედგენილი."- წერს დემონსტრანტი. 

პოსტში ასევე, წერია, რომ პოლიციის თანამშრომლის მტკიცებით, მან კანონდამრღვევი უშუალოდ გინების დროს დააკავა, "თუმცა პროცესის განმავლობაში მას მოუწია აღიარება რომ სპეცრაზმის უკან მოდიოდა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მას დაენახა და გაეგონა ასეულობით კაცში მანდამაინც მე ვიგინებოდი თუ არა, ამიტომ ეს ბრალდება უარყო." - იხსენებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

ურთიერთგამომრიცხავი იყო ასევე მეორე ბრალდების ნაწილიც, რაც გულისხმობდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ფავლენიშვილის მტკიცებით, პოლიცია ოქმში ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ დაკავებული ახდენდა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, ხოლო სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ფავლენიშვილი დააკავეს სავალი გზის გადაკეტვის დროს. "აქ ჩემმა ადვოკატმა ჩიხში შეიყვანა პოლიციელი, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია ერთდროულად ადამიანი ახდენდეს შესასვლელის ბლოკირებას და ამავდროულად სავალი გზის გადაკეტვას, სამწუხაროდ ზეადამიანურ უნარებს არ ვფლობ." - ამბობს აქტივისტი. 

მას შემდეგ, რაც დაკავებულმა სასამართლოზე თქვა, რომ მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რადგან რეალურად არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებებს, მოსამართლე ვალერი ფილიშვილი, აქტივისტის შეფასებით- "მონა ვალერი"- მას სასამართლოს შეურაცხყოფის გამო დასჯით დაემუქრა. 

"რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში ის მდგომარეობაა სასამართლოში. ქაოსი, კლანური მმართველობა და ერთი ოლიგარქი კაცის ხუშტურების და დირექტივების ასრულება, მაგრამ ესე დიდხანს არ გაგრძელდება ქართული სახელმწიფოს და სასამართლოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ მალე დასრულდება. მონა ვალერები ვერ გამოიხედავენ უკან, თორემ ჩვენ კი გვექნება გასახსენებელი" - წერს აქციის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფავლენიშვილი 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეც იყო და სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ აქციის დარბევის შედეგად ის მძიმედ დაშავდა თავისა და ფეხის არეში.

კომენტარები