დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა

იონათამიშვილი ხუნდაძის ინიციატივაზე: მისი ნებისა და აზრის თავისუფლებაა

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი თანაგუნდელის, დიმიტრი ხუნდაძის, ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს არჩევნები სრულად მაჟორიტარული სისტემით უნდა ჩატარდეს. 

იონათამიშვილი ამბობს, რომ ხუნდაძესა და საინიციატივო ჯგუფში შემავალ სხვა დეპუტატებს აქვთ უფლება, ეს ინიციატივა დაარეგისტრირონ და ეს მათი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საუკეთესოდ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს.

"მე ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი ვრჩები,"- ამბობს რატი იონათამიშვილი. 

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. ინიციატივა 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა. 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო. 

ახლა, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები