ნიკა გვარამიას საქმე

დამარცვლით ავუხსნი, რა ვიგულისხმე - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივა

ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მისვლას აპირებს. მისი თქმით, დაბარებიდან გამომდინარე "სწორად გამოიცნეს, რომ უზურპატორში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა". 

გვარამია ამბობს, რომ ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში ხალხმა უნდა დაამხოს და ის აზრის შეცვლას არ აპირებს. 

"რა ვიგულისხმე დამხობაში, მე მგონი ესეც მიწერია პოსტში და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა რომ ჭირს ეს PISA-ის კვლევებმაც აჩვენა ახლახან და მარტივი ამბავი არ არის. მივალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას და უზურპატორს და მის დამქაშებს, რომელიც მოხსენიებული მყავს"- თქვა ნიკა გვარამიამ. 

.........

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტის გამო, სადაც "უზურპატორების დამხობაზე" საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

გვარამიამ სუს-ის მიერ მისთვის გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გვარამია 6 დეკემბერს 11:00 საათზე მოწმის სახით სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ დავით გოგატიშვილთანაა დაბარებული გამოკითხვაზე. 

უწყება გვარამიას აფრთხილებს, რომ თუკი გამოკითხვაზე მისვლაზე უარს იტყვის, რისი უფლებაც მას აქვს, მაშინ მას მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარებენ დაკითხვაზე, სადაც მისვლა და ჩვენების მიცემა სავალდებულოა. 

3 დეკემბერს გვარამიმ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ მიმდინარეობს და რომ ქვეყანაში "უზურპატორისა" [ბიძინა ივანიშვილი] და მის მიერ "დაქირავებული ხუნვეიბინების" [პოლიცია] და "მანქურთების" [ქართული ოცნების მხარდამჭერები] თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. 

ამ პოსტით ნიკა გვარამია ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო პირები ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. 

ქართული ოცნების ლიდერები ამ პოსტთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მისით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. 

ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოძიება, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას" გულისხმობს.

კომენტარები