ბელარუსი

პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის პარალელურად მინსკში ინტეგრაციის დოკუმენტი გააპროტესტეს

0 კომენტარი
ბელორუსი, 7 დეკემბერი.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების სოჭში შეხვედრის პარალელურად მინსკში მასობრივი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც სკანდირებენ "რუსეთთან ალიანსი ომია!"

აქციის მონაწილეები 8 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ, რომლის ფარგლებშიც ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო "უფრო ღრმა ინტეგრაციის შესახებ" დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რაც მოსკოვის მხრიდან მინსკზე მზარდი ზეწოლის ფონზე ხდება.

რუსული პროპაგანდისტული მედია ბოლო დროს აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთმა და ბელარუსმა 2022 წლისთვის ეკონომიკური კონფედერაცია შექმნან. 

მინსკში გამართულ აქციას 2 000 დემონსტრანტი ესწრებოდა, რაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი არასანქცირებული საპროტესტო აქციაა.

"ყველა, მაღალჩინოსნები ჩათვლით, გაკვირვებულია პროტესტის მასშტაბით," - წერს ადგილობრივი ჟურნალისტი ფრანაკ ვიაჩორკა Twitter-ზე.  

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა და რომ რუსეთთან ალიანსი უდრის ომს. 

ევროკავშირის დროშებთან ერთად, აქციის მონაწილეებს აკრძალული, ბელარუსის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პერიოდის დროშაც ეკავათ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ, "დიდება და დამოუკიდებლობა ბელარუსს" და ვლადიმერ პუტინის პორტრეტებს ხევდნენ. 

აქციის ერთერთი ორგანიზატორი ბელარუსიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი პაველ სევიარინეცია. აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს სევიარინეცმა თქვა, რომ ბელარუსი ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო და ამ ბრძოლას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

"ახლა მშვიდად არ უნდა ვუყუროთ, ჩვენ ქვეყანაზე კარტს როგორ თამაშობენ",- თქვა სევიარინეცმა. 

აქციის მიმდინარეობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი შემთხვევითი არ არის. 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "სამოკავშირეო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს ხელშეკრებულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო სახელმწიფო უნდა შეექმნათ. 

პუტინი და ლუკაშენკო "უფრო ღრმა ინტეგრაციის" შესახებ დოკუმენტს ხელს მოსკოვში "სამოკავშირეო სახელმწიფოს უზენაესი საბჭოს" სესიაზე მოაწერენ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბელარუსი მოსკოვზე ეკონომიკურადაა დამოკიდებული, რადგან ნავთობსა და გაზს შეღავათიან ფასებში ყიდულობს და ამავდროულად, რუსეთისგან ყოველწლიურად $5 მილიარდის სუბსიდიას იღებს. 

2022 წელს ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის მეოთხე ვადა ეწურება და ახალი კონსტიტუციით, მას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აღარ შეეძლება. რუსული მედიის ცნობით კი, რუსეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური კონფედერაციის შექმნა სწორედ 2022 წელს იგეგმება. პუტინი კი, შესაძლოა, ამჯერად ამ სამოკავშირეო სახელმწიფოს ხელმძღვანელად მოგვევლინოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები