ბლოგი

მონტესკიე და ივანიშვილი

ლევან სიხარულიძე
0 კომენტარი

რას მოგვცემს განმანათლებლური ცოდნა დღევანდელ საქართველოში?

„დესპოტური ძალაუფლების ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ ერთი ადამიანი, რომელიც მას უნდა ახორციელებდეს, მას განახორციელებინებს ერთ სხვას. ადამიანი, რომელსაც მისი ხუთივე გრძნობა გამუდმებით ეუბნება, რომ იგი ყველაფერია, დანარჩენი კი არაფერი, ჩვეულებრივ, ზარმაცი, უვიცი და ავხორცი ხდება. ის თავს ანებებს საქმეებს. მაგრამ თუ საქმეები ბევრს მიანდო, ეს გამოიწვევს კამათს მათ შორის. მოეწყობა ინტრიგები პირველი მონის ადგილის დასაკავებლად. ხელმწიფე იძულებული იქნება დაუბრუნდეს მმართველობას...“

ეს სიტყვები საუკუნეების წინ დაიწერა. მისი ავტორი ფრანგი ფილოსოფოსი, შარლ ლუი დე მონტესკიეა, რომელსაც, მართალია პირდაპირ არასდროს უთქვამს, რომ არსებული მონარქიული ხელისუფლება უნდა დამხობილიყო, მაგრამ თავისი იდეებით ნამდვილად შეამზადა ნიადაგი 1789 წლის დიდი რევოლუციისთვის.

როგორც განმანათლებლობის ეპოქის მოუშორებელი მახასიათებელი, მონტესკიესთანაც ადვილი შესამჩნევია გონების ძალისა და მისი უპირატესობის რწმენა, რაციონალური განსჯის აუცილებლობა და მის მიერ ნაკარნახევი უმაღლესი ჭეშმარიტებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარების მცდელობა.

თავისუფლება, რომელსაც მონტესკიე ქადებს ორგვარია: მოქალაქეობრივი, ანუ პირადი, რაც ადამიანის თავისუფლებას გულისხმობს სახელმწიფოსთან მიმართებით და პოლიტიკური, რაც სახელმწიფოს მართვაში ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებს. თავისუფლების ამგვარი გაგება სხვა არაფერია, თუ არა ის, რაზეც დგას დემოკრატია ამ ცნების ფართო გაგებით.

ახლა 2019 წელია და ვამბობთ, რომ პოსტ-მოდერნულ სამყაროში ვცხოვრობთ, თუმცა იმ ეპოქის მემკვიდრეობა, რომელსაც განმანათლებლობა დავარქვით, მაინც ცხადად იგრძნობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მაგალითად, მონტესკიეს მიერ „კანონთა გონში“ (საიდანაც არის ზემოთ მოყვანილი ციტატა) თეორიულად განსაზღვრული მმართველობის ძირითადი ფორმები, მათი პრინციპები და მამოძრავებელი ძალები, კანონზომიერებანი და მახასიათებლები დღევანდელ საქართველოშიც არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე ეს მე-18 საუკუნის საფრანგეთში იყო. ამ ფაქტმა, ალბათ, ყველა ის მოქალაქე უნდა დაამწუხროს, ვისაც ჰგონია, რომ ეს საუკუნე წინა ეპოქებისგან ბევრი რამით გამოირჩევა, უმთავრესად კი იმ პროგრესით, რომელიც მან გაიარა ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი თავისუფლების, კერძოდ, პოლიტიკური თავისუფლების გზაზე.

თუმცა, მგონია, რომ წარმოუდგენელი და არნახული არაფერი გვჭირს, ან შეიძლება გვჭირს, მაგრამ ამ გასაჭირის არსი არა საუკუნესა და ეპოქაში, არამედ უბრალოდ ადამიანის ბუნებაში უნდა ვეძებოთ. არსად რომ არ წაგვეკითხა, რომ ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, ამას ყოველდღიურად მაინც დავინახავდით ჩვენს რეალობაში. რას ვიზამთ, ადამიანს, ალბათ, ვერ შევცვლით და უახლესი ისტორიის საშინელი გამოცდილების გათვალისწინებით, არც უნდა ვცადოთ ეს. აი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, ეს ის პოლიტიკური სტრუქტურაა, რომელიც ადამიანებს თავისი ყველაზე მდაბალი სურვილებისა და გრძნობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევს, მეტიც ახალისებს მათ ამგვარ მიდრეკილებებს და ამით ზღუდავს, უგულებელყოფს, ანადგურებს სხვა ადამიანების (ძირითადად, უმრავლესობის) თავისუფლებას.

ერთადერთი, რითაც ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, არის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება და არსებულის გამტკიცება. სწორედ გამართული ინსტიტუტები უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი ძალაუფლება ვერასდროს მოექცევა ერთი ან რამდენიმე ადამიანი ხელში, რომლებიც მას აუცილებლად თავისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებენ და მადაც მუდმივად გაეზრდებათ ხალხის თავისუფლების მიტაცების ხარჯზე.

თავისი არსით სხვა არაფერია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნაც, თუ არა იმის სურვილი, რომ არც ერთ პარტიას არ ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, ერთპიროვნულად ვერ აკონტროლოს პარლამენტი, მთავრობა თუ სასამართლო და ვერ შეძლოს იმდენი რამის გაფუჭება, რამდენიც ბოლო წლებში მოახერხა.

ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სრულიად საპირისპიროა იმისა, რის აუცილებლობაზეც მონტესკიე წერდა. ხელისუფლების დანაწილების მის მიერ განვითარებული პრინციპი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების მიერ ერთმანეთის გამუდმებულ კონტროლსა და შეზღუდვას, რომ რომელიმეს ზედმეტი, საშიში ძალაუფლება არ აღმოაჩნდეს ხელთ, დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს საქართველოში. თუ პარლამენტიც, მთავრობაცა და სასამართლოც რეალურად ერთ ადამიანს ეკუთვნის, ერთი კაცის გავლენებს ექვემდებარება, რაღა თქმა უნდა, თეორიული დაყოფა და კონსტიტუციაში ჩაწერილი ნორმები მხოლოდ ფორმალობაა.

ტექსტის დასაწყისში მოყვანილი ციტატის კითხვისას, რომელშიც დესპოტური ძალაუფლების ბუნებაა განხილული, გონება თავისდა უნებურად ავლებს პარალელებს დღევანდელობასთან და საბოლოოდ გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლების მოდელი დიდი წარმატებით იმეორებს დესპოტური მმართველობის პრინციპებს.

ფაქტია, რომ დღევანდელი დესპოტიც გამუდმებით ცდილობს, სხვა ვინმეს აკეთებინოს საქმე, არა ქვეყნის საქმე, არამედ ის, რაც მას უნდა, რაც მის პირად ინტერესებსა და საჭიროებებს შეესატყვისება. გავიხსენოთ არსაიდან აღმოცენებული და პანტა-პუნტით გაყრილ-გამოყრილი პრემიერ მინისტრები თუ მინისტრები, რომლებიც მათ დეპუტატ ყმებთან ერთად, როგორც მონტესკიე ამბობს, ერთმანეთს ეჯიბრებიან „პირველი მონის ადგილის დასაკავებლად“.

გავიხსენოთ „ადამიანი, რომელსაც მისი ხუთივე გრძნობა გამუდმებით ეუბნება, რომ იგი ყველაფერია, დანარჩენი კი არაფერი“. დღევანდელი დესპოტის მთავარი სათქმელიც ხომ ყველგან და ყოველთვის ის არის, რომ სწორედ მან და არავინ სხვამ, იცის, რა სჭირდება ხალხს, რა სურს მას და როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა ამ ქვეყანაში.

„ხელმწიფე იძულებული იქნება დაუბრუნდეს მმართველობას“ - ცხადია, ყველას კარგად გვახსოვს ჯერ წასული და მერე მობრუნებული ბატონი, თავისი მონების დამაშვრალ ყოფას რომ უყურა და მათი უილაჯობით შეწუხებული, იძულებული გახდა, თავადვე აეღო მართვის სადავეები ხელში.

„რაც შეეხება დესპოტიას, მისი პრინციპია შიში. იგი შიშზეა დაფუძნებული და მასში შემავალი ადამიანებისაგან მხოლოდ ის მოქმედებაა შესაძლებელი და მოსალოდნელი, რასაც ერთთ შიში უკარნახებს და მეორეთ შიშის ჩანერგვის სურვილი“ - წერს ერთგან მონტესკიე და ძნელია, არ დაეთანხმო. ასევე ძნელია, სხვა რამე გაიხსენო ახლანდელი დესპოტისგან მისი მოსვლის დღიდან, თუ არა გამუდმებული შიშის დანერგვის მცდელობა. მთელი მისი პოლიტიკის საპირწონედ, რომელიც ქვეყანას ასუსტებს და ადამიანებს თავისუფლებას ართმევს, სწორედ შიში და უარესის მოხდენის ალბათობაა წარმოდგენილი.

მონტესკიეს არ აქვს პოლიტიკური რეცეპტი, როგორ უნდა დაიხსნას ხალხმა თავი დესპოტისგან, რომც ჰქონდეს, ალბათ არ გამოგვადგება, რადგან ყველამ თავის დესპოტს უნდა მოუაროს. :)  მაგრამ ერთი იმის გააზრება მაინც არის სასიამოვნო, რომ მონტესკიეს საუკუნისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი თუ წამალი გვაქვს იმ მეტასტაზების ამოსაკვეთად, ერთი მუტაციით ერთი უჯრედისგან რომ დაიბადა და დღემდე წამლავს მთელს ორგანიზმს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები