ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ - ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვლადიმერ პუტინის, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა დაიწყო. 

ნორმანდიული სამიტი ზელენსკისთვის პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ტყვეების დაბრუნებისა და დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისა და ბანდფორმირებების გაყვანის საკითხებს დააყენებს. 

"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ ისევ პარიზში ზელენსკისა და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. 

პუტინი ასევე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. 10 დეკემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვედრის შედეგებს მიმოიხილავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან, ერთად. 

ეს მეექვსე შეხვედრა იქნება “ნორმანდიულ ფორმატში”: პირველი ორი 2014 წელს შედგა, ორიც - 2015 ში, ხოლო ბოლო ორი- 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა. 

შეხვედრის ორგანიზებისთვის მხარეები “შტაინმაიერის ფორმულაზე” შეთანხმდნენ, რაც, მოკლედ რომ ითქვას, იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან დონბასში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ეუთო-ს დაკვირვების ქვეშ და ამ უკანასკნელის მიერ დარღვევების არარსებობის დადასტურების შემთხვევაში ამ ტერიტორიისთვის სპეციალური თვითთმმართველობის სტატუსის მინიჭებასა და უკრაინის იურისდიქციაში სრულ დაბრუნებაზე.

კომენტარები