საპარლამენტო უმრავლესობა

"პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებს" - ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

0 კომენტარი

ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში "სრული ქაოსია" და მიმდინარეობს ბრძოლა "ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის".

"ქრისტეს მოძულეები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ერი. ხელისუფლების დუმილმა და უმოქმედობამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ" - თქვა ერქვანიამ და ხელისუფლების მიერ ეკლესიის მხარდამჭერ განცხადებებს "წინასაარჩევნო თვალთმაქცობა" უწოდა.

"ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო. უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიის და პატრიარქის მოძულეები აირჩია, ხელისუფლებამ ღირსებისა და ზნეობის დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა, და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა. ხელისუფლების ამ ნაბიჯებით ისარგებლეს ქრისტეს მოძულეებმა და დაიწყეს ღია ომი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. მათი მიზანია ეკლესიის გახლეჩვა, იციან, ამ მიზანს პატრიარქის ჩამოცილების გარეშე ვერ მიაღწევენ, რადგან დღეს პატრიარქი არის გარანტი საქართველოს ეკლესიის ერთობისა, ამიტომ არის ასეთი ბინძური და ცილისწამებლური ბრძოლა მის წინააღმდეგ. ყველას, ვისაც სურს ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, მინდა გავაფრთხილო  - არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ, მის წაქცევას ვერავინ შეძლებს, რადგან უფალი მეფობს" - თქვა ერქვანიამ.

მისი შეფასებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ "ქართველისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობაა".

"ალექსანდრე ერქვანიამ პლენარულ სხდომაზე მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს "ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულისთვის", რის შემდეგაც, უმრავლესობას მიმართა.

"მინდა მივმართო უმრავლესობას - ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და პოზიციების გამო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ ქართულ ოცნებას და საპარლამენტო უმრავლესობას, ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად" - განაცხადა ერქვანიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები