საქართველოს პარლამენტი

გიორგი ვაშაძე და კიდევ რამდენიმე პირი პარლამენტთან "ზებრაზე" სიარულისთვის დააკავეს

ტაბულა

პარლამენტთან ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე, გამარჯვებული საქართველოს წევრი, გურამ ჩალაგაშვილი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი ქვეითთა გადასასვლელზე სიარულის გამო დააკავეს.

პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის არსებულ ზებრა გადასასვლელზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი ბილიკზე გადადიოდნენ და სამართალდამცველებს ეუბნებოდნენ, რომ ამის უფლება ჰქონდათ. შედეგად, გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.  

იქამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა. პოლიციას ამ დრომდე ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, პარლამენტში კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან.

დაგეგმილი კენჭისყრის ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს, გიგა გულორდავას, გუგული მაღრაძეს.

კომენტარები