ჟურნალისტებზე ძალადობა

TI: კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

"კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების და განსაკუთრებით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მედიის წარმომადგენლების დაუსაბუთებლად და ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაძევება" - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევების ფაქტს ეხმაურება.

"მმართველი პარტია უნდა იაზრებდეს მედიის როლს და ფუნქციას და ვალდებულია, შეუქმნას ჟურნალისტებს გარემო, სადაც ექნებათ კანონით გარანტირებული პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების წევრებს, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების განხორციელება" - აცხადებს TI.

პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტები კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით დღეს, 12 დეკემბერს გაიყვანეს. მათ შორის, მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სწორედ მაშინ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

კომენტარები