საპარლამენტო უმრავლესობა

პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ოცნება 15-მა დეპუტატმა დატოვა

დღეს, 12 დეკემბერს ქართული ოცნება კიდევ ერთმა წევრმა, ოთაარ ჩრდილელმა დატოვა. ამგვარად ოთარ ჩრდილელი მეთხუთმეტე დეპუტატია, რომელმაც 14 ნოემბრის შემდეგ უმრავლესობა დატოვა. 

ჩრდილელის წასვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობაში 91 დეპუტატი რჩება. უმრავლესობის რღვევის პროცესი 14 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

ჩრდილელმა ზოიძისა და ქაცარავას მსგავსად უმრავლესობასთან ერთად, სადეპუტატო მანდატიც დატოვა. ამ დეპუტატებს პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციულ სიაში მყოფი სხვა სამი ადამიანი ჩაანაცვლებს, რომლებიც უმრავლესობის რიგებს შეუერთდებიან.

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. თამარ ჩუგოშვილი;
  2. თამარ ხულორდავა;
  3. სოფიო ქაცარავა;
  4. ირინე ფრუიძე;
  5. გიორგი მოსიძე;
  6. ზაზა ხუციშვილი;
  7. დიმიტრი ცქიტიშვილი;
  8. მარიამ ჯაში;
  9. გიორგი ბეგაძე;
  10. ზვიად ძიძიგური;
  11. ნინო გოგუაძე;
  12. გიგა ბუკია;
  13. აკაკი ზოიძე;
  14. ალექსანდრე ერქვანია;
  15. ოთარ ჩრდილელი.

იმისთვის, რომ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდეს, 76 დეპუტატი სჭირდება. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა 115 დეპუტატით. თუმცა, მას შემდეგ რაც 2019 წლის თებერვალში ქართული ოცნება ჯერ დავით ჭიჭინაძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები