ქართული ოცნების აქცია

NGO-ები: "ოცნების" აქციისთვის მობილიზება საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს

0 კომენტარი
ქართული ოცნების მხარდამჭერები ფოტო: David Mdzinarishvili / REUTERS

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ღია საზოგადოების ფონდი განცხადებას ავრცელებენ ხვალ, 14 დეკემბერს, ქართული ოცნების მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე იკრიბებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მიერ ადამიანების მობილიზაცია მიმდინარეობს, რაც, ძირითად შემთხვევებში, ქართული ოცნებისს ადგილობრივი ოფისებიდანაა მართული.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით." - წერია განცხადებაში.

როგორც არასამთავროებში ამბობენ, ზუგდიდისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები შიშობენ, რომ აქციაზე არწასვლის შემთხვევაში დახმარებას დაკარგავენ.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის დაგეგმილი აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება. 11 დეკემბერს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდი უერთდება. კახა კალაძის თქმით, "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები