ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის ოჯახი: ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის შექმნას

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. გაფრინდაშვილის ოჯახი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, გახარიამ უნდა დააკორექტიროს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ მოგვცა და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება. ეს ხარვეზებზე მიგვითითებს, რომლებიც გამოსასწორებელია. ჩვენ, ოჯახი და მეგობრები, მაქსიმუმს ვაკეთებთ. საჭიროა უწყებათაშორისი კომისიის შექმნა. პირველად ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, რომ მან დააკორექტიროს ეს ყველაფერი და შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში ის უწყებები, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა",-თქვეს გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა.

ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს საპატიმროში საკვებისა და ტანსაცმლის პრობლემა აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მხარდამჭერებთან ერთად 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. 

"რადგან თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება და ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ სოლიდარობა",-თქვეს ოჯახის წევრებმა. 

დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა

35-ე დღეა, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს 2-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები