არჩევნები 2020

თალაკვაძე: მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, "მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, აირჩიოს თავისი წარმომადგენლები". თალაკვაძის თქმით, დიპკორპუსის მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების მესამე შეხვედრაზე სწორედ ეს "არგუმენტები წარვადგინეთ". ხელისუფლების აზრით, "მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობას და ინტერესებს".

"მეორე პრობლემა ისაა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების დროს ოლქების გამსხვილება ხდება, ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც ართულებს მაჟორიტარის და მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას. კიდევ უფრო ნაკლები ყურადღების დათმობა იქნება შესაძლებელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრობს ადგილებზე, ქალაქებში, სოფლებში და თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ, რომ აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში, ამ მოდელით მივიღებთ იმას, რომ შეიძლება ამ წარმომადგენელს ჰქონდეს ძალიან დაბალი შანსი, რომ ყურადღება მიაქციოს თავის ამომრჩევლებს, ოლქის საჭიროებებს. კიდევ არის სამი-ოთხი არგუმენტი, რიის გათვალისწინებითაც, ამ მოდელზე შეთანხმება ვერ მივაღწიეთ, ვერ მოხდა შეთანხმება ამ მოდელზე და დიალოგს ვაგრძელებთ" - ამბობს თალაკვაძე.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, მასზე არც ე.წ გერმანულ მოდელს და არც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს აღარ განიხილავენ.

"დიალოგი გაგრძელდება, თუ რა იქნება საკითხი  - მოსამზადებელ სამუშაოებს ჩავატარებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შემდეგ შეხვედრამდე არის დრო, ოპოზიცია იმუშავებს, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რისი გაკეთებაა დამატებით შესაძლებელი არსებული სისტემის ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ეს დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს ყველა შესაძლებლობაზე არგუმენტების გაცვლა და მათი განხილვა.

პროპორციული არჩევნების საკითხი არც განიხილება ამ დიალოგის ფარგლებში, აქ განვიხილავთ არსებული სისტემის ფარგლებში შესაძლო ცვლილებებს. რა იქნება მომავალში მოლაპარაკებების საგანი, ამას წინასწარ შეგატყობინებთ.

ჩვენი ამოცანაა, მომავალი შეხვედრისთვის მოვამზადოთ შესაძლო საკითხები, ოპოზიციას, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ანალოგიური ამოცანა, რომ მომზადდეს საკითხები, რაც შემდეგი მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს, ეს არის დიალოგის საგანი, მოსამზადებელი ეტაპი და არის გარკვეული დრო, სანამ კიდევ შევხვდებით, რომ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

კომენტარები