დაუნის სინდრომის მქონე გოგო ალბა, რომელსაც შვილად აყვანაზე 20-მა ოჯახმა უარი უთხრა, მარტოხელა გეი კაცმა ლუკა ტრაპანესმა იშვილა და ისინი ერთად იტალიაში ცხოვრობენ.
ლუკა ტრაპანესს წლების განმავლობაში ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა, როდესაც ის და მისი შეყვარებული დაშორდნენ, ფიქრობდა რომ ამას ვერასდროს ვეღარ შეძლებდა. თუმცა, მას 2017 წელს გაშვილების სააგენტოდან დაურეკეს და უთხრეს რომ დაუნის სინდრომის მქონე გოგოს შვილად აყვანა შეეძლო. ამის შემდეგ მან ისიც გაიგო, რომ ალბას შვილად აყვანაზე 20-მა ოჯახმა თქვა უარი და მან თანხმობა განაცხადა.
"როდესაც ის პირველად ხელებში დავიჭირე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაშინვე ვიგრძენი რომ ჩემი ქალიშვილი იყო", - თქვა ლუკა ტრაპანესიმ.
ალბას შვილად აყვანა მარტივი არ ყოფილა, რადგან იტალიაში საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ - სუროგაცია ლეგალური არ არის და გეი წყვილებისთვის თითქმის შეუძლებელია შვილის აყვანა.
"მე მითხრეს, რომ მხოლოდ ისეთი ბავშვის აყვანა შემეძლო, რომელიც თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა, ან შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, ან ქცევის პრობლემები აწუხებდა. ყველაფერზე აბსოლუტურად თანახმა ვიყავი", - თქვა ლუკა ტრაპანესიმ.
ალბა ერთი თვისაც კი არ იყო, როდესაც ლუკა ტრაპანესიმ იშვილა.