ლუკა სირაძის საქმე

ლონდა თოლორაია: ვადასტურებ, რომ 15 წლის კიდევ ერთმა ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები

შსს

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითდაზიანებები კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა მიიყენა.

"ვადასტურებ, რომ 15 წლის მოზარდმა მიიყენა თვითდაზიანებები", - თქვა მან.

თოლორაიასვე თქმით, 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ამ ეტაპზე ერთადერთია, ვის მიმართაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

"გამოძიება გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ მართლა 24-საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ 1 პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება [მათ დაკავებას]", - თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ლონდა თოლორაია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ხვდება. ინსპექტორმა კომენტარი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

თოლორაიამდე "მწვანე სკოლის" დირექტორმა, ბექა დავითურმა არ უარყო, რომ შსს კიდევ ერთი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებს. 

ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა, 17 დეკემბერს, გვიან ღამით გავრცელდა. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

სირაძემ თავის ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა. 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. 

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები