მოზარდზე ზეწოლა

საია: 15 წლის ბიჭზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ სამი თანამშრომელი ახდენდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს მინისტრის და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს. სულხან სალაძის თქმითვე, მარიანა ჩოლოიანის გარდა, "15 წლის ბიჭზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ სამი თანამშრომელი ახდენდა". მისი თქმით, ამ პოლიციელების ვინაობა დადგენილი არ არის. საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.

"დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა, მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრობდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე განხორციელების ზეწოლის ფაქტს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შს მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები.

როდესაც სისტემის შიგნით ხდება ასეთი დანაშაული, იქ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სისტემის ხელმღვანელმა, ამ შემთხვევაში შს მინისტრმა, ხოლო ნინო ცაციაშვილის სახელით კეთდებოდა ის ცნობილი განცხადებები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ არის რეალობასთან კავშირში" - თქვა სულხან სალაძემ.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები