მოზარდზე ზეწოლა

15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე - გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი არ აღიარებს, რომ მოზარდისგან ჩვენება იძულებით მიიღო. ამის შესახებ ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა, თქვა. მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

"იგი გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში, ის ამ საქმეში არის უდანაშაულო" - ამბობს ადვოკატი.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საია-ს მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა, თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ამ ეტაპზე, დანაშაულის ნიშნები მხოლოდ ჩოლოიანის მიმართ გამოიკვეთა.

კომენტარები