ტაივანი

ტაივანის პრეზიდენტი: ჩინეთს ყველაზე მეტად ტაივანის დემოკრატიის ეშინია

0 კომენტარი
ცაი ინ-ვენი

ტაივანის მოქმედმა პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თქვა, რომ ჩინეთს ყველაზე მეტად ტაივანის დემოკრატიის და ტაივანელი ხალხის ერთობის ეშინია. 

მისი თქმით, პეკინი საფრთხეა, რომელიც ტაივანს ყოველდღე ძირის უთხრის და საპრეზიდენტო არჩევნებში მის ოპონენტს ხან ქოუიუს ჩინეთთან ზედმეტად სიახლოვეში ადანაშაულებს. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინეთი ტაივანის საზოგადოების დაყოფას ყველანაირად ცდილობს.

მან ჰონგ-კონგის აქციების ფონზე თქვა, რომ ტაივანი ვერ მიიღებს "ერთი ქვეყანა. ორი სისტემის" მოდელს, რისი დანერგვაც საბოლოოდ ჩინეთს ტაივანში სურს, რომელსაც მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

"ჰონგ-კონგის მდგომარეობა ცხადყოფს, რომ დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთთან კონფლიქტშია. ორი სისტემა ერთ ქვეყანაში ვერ იარსებებს," - ამბობს ის. 

საზოგადოებრივ აზრთა გამოკითხვებში ცაი ინ-ვენი ლიდერობს და ის წინ უსწრებს მის ოპონენტს, ხან ქოუ იუს ჩინეთთან მეგობრულად განწყობილი გომინდანის პარტიიდან. ქოუ იუმ სულ რამდენიმე დღის წინ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდა. გომინდანის მთავრობა ერთ დროს ჩინეთს მართავდა, თუმცა კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის მთავრობა ტაივანში გაიქცა. 

რამდენიმე კვირის წინ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ თქვა, რომ ჩინეთს დემოკრატიული და თვითმმართველი კუნძულის, ტაივანის წინააღმდეგ შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოეწყო სამხედრო კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ქვეყნის შიგნით სოციალური უკმაყოფილება გაიზრდებოდა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას აშშ-ისთან სავაჭრო ომი აქვს, რამაც შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს.

ტაივანის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. 

რამდენიმე კვირის წინ ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​ტაივანმა ჩინეთის ხომალდის ტაივანთან განთავსება არჩევნების წინ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აღიქვა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 იანვარს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები