ჩხენკელი: მანდატურის და უსაფრთხოების სამსახურები კერძო სკოლებშიც უნდა გადამზადდნენ

gov.ge

განათლების მინისტრის თქმით, მანდატურების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ასევე, ფსიქოსოციალური სამსახურის გაძლიერება კერძო სკოლებშიც უნდა მოხდეს. მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ "სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია ბავშვების უფლებების დაცვა, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა". მან 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა.

"ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ სამინისტრომ დაიწყო და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება - სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება, ფსიქოსოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. 

პრემიერმინისტრმა დაგვავალა კონკრეტული ღონისძიებები და ჩვენ ერთ კვირაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას" - თქვა განათლების მინისტრმა.

კომენტარები